გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება გადაიდო

გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადება ერთ-ერთი მოსამართლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადაიდო, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლომ სპეციალური განცხადებაშია აღნიშნული.
სარჩელზე, რომელიც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობის 9-თვიან ვადას შეეხებოდა, გადაწყვეტილება დღეს 17:00 საათზე უნდა გამოცხადებულიყო.
“როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 15 სექტემბერს გავრცელდა განცხადება იმის შესახებ, რომ დღეს, 17 საათზე მოხდებოდა გადაწყვეტილების გამოცხადება საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” (კონსტიტუციური სარჩელი N646).
“საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრი, ხოლო “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სხდომათა დარბაზში ცხადდება საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა მიერ ხელმოწერის შემდეგ.
გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის დროისთვის, საქმის განხილვაში მონაწილე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე, მერაბ ტურავა, მისივე განცხადებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ გამოცხადდა საკონსტიტუციო სასამართლოში და არ მიიღო მონაწილეობა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ხელმოწერის პროცედურაში. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი გამოაცხადოს გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” (კონსტიტუციური სარჩელი N646).
ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის, “საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლეს უფლება არა აქვს უარი განაცხადოს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე, თავი შეიკავოს კენჭისყრისას და არ მოაწეროს ხელი გადაწყვეტილებას, მიუხედვად იმისა, თუ რა პოზიცია ეკავა მას კენჭისყრის პროცესში.
ამდენად, საკონსტიტუციო სასამართლოს არ შეიძლებოდა ჰქონოდა გონივრული მოლოდინი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ გამოცხადდებოდა გადაწყვეტილების ხელმოწერის პროცედურაში ხელმოწერის მისაღებად”, – ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები