უსუფაშვილი ლიტვაზე: ჩვენს ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ემოციური სიახლოვეა

ლიტვა საქართველოს დიდი ხნის მეგობარია და გეოგრაფიული დისტანციის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ემოციური სიახლოვეა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ვიდას გედვილასთან ორმხრივი შეხვედრისას განაცხადა.
დავით უსუფაშვილი ლიტვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარის მოადგილეს, ვიდას გედვილას, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე ღია მმართველობის პარტნიორობის საკანონმდებლო ღიაობის სამუშაო ჯგუფის კონფერენციის ფარგლებში შეხვდა.

როგორც “კვირას” დავით უსუფაშვილის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზეც ისაუბრეს. მათი თქმით, ეს საფრთხეები არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ დემოკრატიულ მსოფლიოს ეხება.
“ლიტვა საქართველოს დიდი ხნის მეგობარია და გეოგრაფიული დისტანციის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ემოციური სიახლოვეა. ერთადერთი საკითხი, რაზეც საქართველოსა და ლიტვას განსხვავებული აზრი შეიძლება ჰქონდეს, ქვეყნების საკალათბურთო ნაკრებებს შორის 13 სექტემბერს გამართული მატჩია”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ვედას გედვილის განცხადებით კი, საქართველოში ოპოზიციას და ხელისუფლებას საერთო მიზანი, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია აერთიანებს. მისივე თქმით, ლიტვაშიც ასეთივე ერთსულოვნება იყო ევროკავშირში გაწევრიანებამდე.
ვიდას გედვილასს დავით უსუფაშვილი დაეთანხმა და აღნიშნა, რომ მიზანი მართლაც საერთოა – ქართველი ხალხის ნების შესრულება, რაც ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანებას გულისხმობს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ევროატლანტიკური მიმართულებით სვლის გარდა, საქართველოს საქმიანი და წარმატებული ურთიერთობა აქვს აღმოსავლელ პარტნიორებთანაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები