საკრებულოში იოზეფ პილსუდსკის ცხოვრებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

წარმომადგენლობითი ორგანოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის დაბადების დღისა და მისი წმიდანად შერაცხვის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გამოფენა სახელწოდებით – ,,ქართველი იუნკერების მეორე სამშობლო’’, ასევე წმინდა გრიგოლის ნაშრომების მეორე ტომისა და ალბომის- „პოლონელი ფერმწერები საქართველოს შესახებ“ პრეზენტაცია გაიმართა.
საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პოლონელი და ქართველი ერების მეგობრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„საუკუნეზე მეტია, რაც საქართველოსა და პოლონეთს შორის მეგობრული ურთიერთობაარსებობს და დღევანდელი დღეც ამის დადასტურებაა. წელს არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის მეორე სამშობლო – პოლონეთი მარშალ იოზეფ პილსუდსკის გარდაცვალებიდან 80 წლისთავს აღნიშნავს, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ემიგრაციაში მყოფი სამასამდე ქართველი ოფიცრის და მათი ოჯახების შეფარებისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით პოლონეთის საელჩომ სურვილი გამოთქვა, თბილისის რომელიმე ქუჩას პოლონელების სახალხო გმირის, მარშალ იოზეფ პილსუდსკის სახელი დარქმეოდა, რაზეც ჩვენი მხრიდან კეთილი ნება იქნა გამოხატული. მოგეხსენებათ, რომ მარშალ იოზეფ პილსუდსკის უდიდესი წვლილი არა მხოლოდ პოლონეთის ისტორიაში აქვს შეტანილი. მან განსაკუთრებული თანადგომა ემიგრაციაში მყოფი ქართველი ოფიცრების მიმართაც გამოიჩინა.
შესაბამისად, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მყოფ რომელიმე ქუჩას პოლონელი ხალხისათვის გამორჩეული გმირის სახელი ეწოდება“, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლია ჯახველაძემ აღნიშნა, პილსუდსკის სახელობის ქუჩის სახელდება საქართველოსა და პოლონეთის ღონისძიებების ფორმატში მოხდება და აღნიშნული ინიციატივა კიდევ უფრო გააღრმავებს ქართულ-პოლონურ ურთიერთობას. „ჩვენ დიდი ხანია პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და ქუჩის სახელდების რამდენიმე წინადადებაც განვიხილეთ.
დღეს კი ისინი ადგილზე გაეცნენ ჩვენს მიერ შეთავაზებულ ვარიანტებს“, – განაცხადა ლია ჯახველაძემ.
ღონისძიებას დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატებთან ერთად პოლონეთის ელჩი საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკი, პოლონეთის სხვადასხვა უნივერისტეტის მეცნიერები, ბიზნესმენები, პოლონეთის სეიმის დეპუტატები და პოლონელი პროფესორები დაესწრნენ. დღესვე, საკრებულოს წარმომადგენლები პოლონეთის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებას დაესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები