განათლების სამინისტრო მაგისტრანტებისთვის მიმართვას ავრცელებს

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო მიმართვას ავრცელებს.
„2015-2016 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსებისთვის გამოყოფილია 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარი.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 სექტემბრის №457 დადგენილებით.
სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად მაგისტრანტი წარადგენს განცხადებას, რომლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა დამტკიცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 11 სექტემბრის №1020 ბრძანებით.
დაფინანსების მისაღებად განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარდგენილი უნდა იყოს 2015 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით.
ვინ შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში:
სოციალური პროგრამით გათვალისწინებული თანხა გადანაწილდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგად ჩარიცხული შემდეგი კატეგორიის მაგისტრანტების დაფინანსებისათვის:
ა) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები.
ბ) 22 500 (ოცდაორი ათას ხუთასი) ლარი მაგისტრანტებისათვის, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.
გ) 160 000 (ას სამოცი ათასი) ლარი მაგისტრანტებისათვის, რომლებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე“,- აღნიშნულია მიმართვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები