თამარ სანიკიძე პედაგოგთა ხელფასებით 34%-ით ზრდას აანონსებს
2015-2016 სასწავლო წელს პედაგოგთა საბაზისო ხელფასი დაახლოებით 34%-ით გაიზრდება, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, წელს შეიქმნა სისტემა, რომელიც პედაგოგთა პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებს და მათ შორის სახელფასო პოლიტიკას არეგულირებს.
„სასწავლო პროცესის დაწყებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა იწყება. ორი წლის განმავლობაში მუშაობის შედეგად, სხვადასხვა მხარეებისა და უშუალოდ პედაგოგების ჩართულობით შეიქმნა სისტემა, რომელიც არეგულირებს პედაგოგიკისა და პროფესიასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ეს არის საუნივერსიტეტო პროგრამებიდან დაწყებული, პროფესიაში შესვლის, არსებული მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და შეფასების სისტემა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო არეგულირებს სახელფასო პოლიტიკას.
აქედან გამომდინარე, სექტემბრიდან ამოქმედდა სქემაც და ამოქმედდება სახელფასო ნაწილიც, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზრდება საბაზისო ხელფასი და 4 დონიანი სქემის ფარგლებში, კატეგორიის დანამატი. დანამატი ნადვილად მნიშვნელოვანია, 2015-2016 სასწავლო წელს, ორჯერადად მოუწევთ მატება.
დაახლოებით, 34%-ით გაიზრდება საბაზო ხელფასი, ხოლო კატეგორიის დანამატები შესაბამისად იქნება, დაახლოებით, 180, 250 და 300 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2016 წლის აპრილში, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებლის ხელფასი საშუალო ხელფასი იქნება საქართველოში არსებული საშუალო ხელფასის ტოლი“, – განაცხადა თამარ სანიკიძემ.