აშშ-ს ახალი ელჩი: მოწადინებული ვარ, ხელი შევუწყო საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას – ვიდეო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში შეერთებული შტატების ახალი ელჩის, იან კელის ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ: “ჩემთვის პატივია, საქართველოში შეერთებული შტატების ახალ ელჩად ვიმსახურო. თბილისს პირველად 1976 წელს ვესტუმრე, მაშინ კოლეჯის სტუდენტი ვიყავი. შთამბეჭდავი იყო ქალაქის ენერგია და სილამაზე. მოუთმენლად ველოდები, გამოვიყენო დიპლომატიაში დაგროვილი 30-წლიანი გამოცდილება და დავეხმარო საქართველოს, რათა სრულად განახორციელოს ევროატლანტიკური მისწრაფებები.
ამერიკა საქართველოს გვერდით დგას, რათა ის თავისუფალი, დამოუკიდებელი და წარმატებული ევროპული სახელმწიფო გახდეს. ნატოსა და ეუთოში ჩემი მუშაობის შემდეგ, განსაკუთრებული პატივისცემით ვუყურებ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების საქმეში საქართველოს წვლილს. როგორც აშშ-ის ელჩი ეუთოში და მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე 2013 წელს, კარგად ჩავწვდი რეგიონულ გამოწვევებს, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას. აგრეთვე მოწადინებული ვარ, ხელი შევუწყო საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას, განსაკუთრებით ევროპასა და აზიას შორის აბრეშუმის სავაჭრო გზის გამოცოცხლებას. მე დიდებულ ქალაქ ჩიკაგოდან ვარ. ჩემს მეუღლე ფრანჩესკას, ჩვენ შვილებსა და მე, რა თქმა უნდა, მოგვენატრება ჩიკაგოს ლეგენდარული, ღრმა თეფშში გამომცხვარი პიცა და ჩვენი საყვარელი ბეისბოლის გუნდი “ჩიკაგო ქაბსი”, მაგრამ სიამოვნებით მივირთმევთ ქართულ ხაჭაპურს და ვუყურებთ საქართველოს საფეხბურთო გუნდის თამაშს. რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველით, ახლოს გავიცნოთ ქართული ლეგენდარული სტუმართმოყვარეობა და მომაჯადოებელი უძველესი კულტურა”, – აცხადებს იან კელი ვიდეომიმართვაში. იან კელი საქართველოს ორიოდე დღეში ეწვევა. მან აშშ-ის ახალი ელჩის რანგში 11 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ფიცი დადო. ცერემონიას იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე როუზ გოტემიულერი უძღვებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები