დავით უსუფაშვილმა ჩეხეთის დელეგაციასთან საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე ისაუბრა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი საქართველოში ოთხდღიანი ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის წევრებს შეხვდა.
უსუფაშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მეგობრულ და თანამშრომლურ ურთიერთობებსა და ამ ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს.
დავით უსუფაშვილმა ყურადღება საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია უსაფრთხოების საკითხების მოგვარება, რადგან საქართველოს მოსაზღვრე რუსეთიდან სერიოზული საფრთხეები მომდინარეობს.
,,ჩვენ გვინდა მათთან ნორმალური თანამშრომლობა და ურთიერთობა და ამის ერთ-ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ წელს, მრავალრიცხოვანი რუსი ტურისტის სტუმრობა საქართველოში. არცერთ მათგანს საფრთხე შექმნია“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, საფრთხეები, ძირითადად, სტალინიზმისა და ლენინიზმის გადმონაშთებისგან მომდინარეობს და სანამ ეს არ აღმოიფხვრება, იარსებებს საფრთხეები არა მარტო საქართველოსთვის, არამედ პოსტსაბჭოთა და ყოფილი სოციალისტური ბანაკის ქვეყნებისთვისაც.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის, რომ ჩეხეთის დელეგაციის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრის მოადგილეა, სიმბოლური და მნიშვნელოვანია და მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოსა და ჩეხეთს არა მარტო მეგობრული, არამედ პარტნიორული ურთიერთობებიც აკავშირებს.
დავით უსუფაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დელეგაციის წევრები საქართველოში ვიზიტის დროს ადგილზე ნახავენ, თუ რას ნიშნავს ოკუპირებული რეგიონები, რას მიშნავს საოკუპაციო ხაზი.
მან დიდი მადლობა გადაუხადა სტუმრებს ჩეხეთის რესპუბლიკის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის.
უსუფაშვილმა დევნილი მოსახლეობის პრობლემებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, ჯერ კიდევ უცნობია, თუ როდის შეძლებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი მოსახლეობა საკუთარ სახლებში დაბრუნებას.
დავით უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, ეკონომიკურად აღორძინდეს, გაძლიერდეს თავდაცვისუნარიანობა და საქართველო არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ პირველ რიგში, მოსახლეობისთვის იყოს კომფორტული ადგილი.
საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ნატოს სტანდარტებით, საქართველო მზად არის იმისთვის, რომ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა საქართველოსკენ ნაბიჯი გადმოდგას.
მხარეებმა, ასევე ისაუბრეს ნატოს სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
ჩეხეთის რესპუბლიკის დეპუტატთა პალატის თავდაცვის კომიტეტის წევრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს შეუძლია ევრო და ევროატლანტიკრუს სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის გამოცდილება გაიზიაროს.
მხარეებმა განიხილეს ნატოში ინტეგრაციის ფორმატში ორი ქვეყნის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.
სტუმრებმა პარლამენტის თავმჯდომარეს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს და აღნიშნეს, რომ ყველა შეხვედრამ, რომელიც მათ ვიზიტის ფარგლებში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართეს, თბილ და მეგობრულ ატმოსფერში ჩაიარა.