ცოდნის დღესასწაული – საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი და ქალაქი ერთი იდეის გარშემო!

სოციალურ-საგანმანათლებლო მედია პროექტი „ეტალონი“ 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კვირას, 6 სექტემბერს, 15:00 საათზე თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში (ფილარმონია) წარმატებული ახალგაზრდებისა და პროექტის თანამოაზრეთა სადემონსტრაციო თავყრილობას მართავს. „ეტალონი“ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას და თბილისელებს ერთ სივრცეში გააერთიანებს, რათა კიდევ ერთხელ საზეიმო ვითარებაში გაცხადდეს განათლებული ახალგაზრდების მიმართ მხარდაჭერა.
როგორც “კვირას” “ეტალონიდან“ აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტიდან 3500-ზე მეტი თანამემამულე დაესწრება. მათ შორის იქნებიან გამორჩეული მოსწავლეები, წარმატებული სტუდენტები, ღვაწლმოსილი პედაგოგები, სასულიერო პირები, საგანმანათლებლო და კულტურის სფეროს დამსახურებული მოღვაწეები, მთავრობის წევრები, სამხარეო რწმუნებულები – გუბერნატორები, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლები, „ახალგაზრდული საკრებულოების“ წევრები. „2015-2016 სასწავლო წელი „ეტალონი“-სთვის საიუბილეო წელია. ჩვენი მიზანია ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ ახალგაზრდების სწავლა-განათლებითა და კულტურით უფრო მეტად მოტივირება. მნიშვნელოვანია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი და თავის წარმოჩენა ყველა მუნიციპალიტეტმა გამოთქვა. ჩვენ შევეცდებით თითოეული მათგანი სათანადოდ წარმოვაჩინოთ და დიდი სახალხო, ეროვნული ზეიმი შევთავაზოთ შეკრებილ საზოგადოებას. 6 სექტემბერი სპეციალურად შეირჩა, რადგან ზუსტად ერთ კვირაში საჯარო სკოლებში სწავლის პროცესი იწყება. გვინდა წარმატებული მოსწავლეები, სტუდენტები, პედაგოგები და საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენლები გავაერთიანოთ ერთი იდეის – განათლების გარშემო. ახალგაზრდებსა და პროექტის თანამოაზრეებს საზეიმო ვითარებაში ეცნობებათ სამომავლო გეგმების შესახებ“ – აცხადებს „ეტალონის“ ავტორი, მედიაპედაგოგიკის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, გოჩა ტყეშელაშვილი. ღონისძიება დატვირთული იქნება საკონცერტო ნომრებით. მუნიციპალიტეტიდან ჩამობრძანებული პოეტები და მწერლები წარმოადგენენ თავიანთ შემოქმედებას. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები. საპატიო სტუმრის სტატუსით ღონისძიებას დაესწრება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. ღონისძიების ორგანიზატორები არიან – “ეტალონის” შემოქმედებითი ჯგუფი, ა/ო “ადამიანი კანონი თავისუფლება” და პი არ საკონსულტაციო ჯგუფი. ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, წყალი „სნო“, კომპანია „ნიკორა“ და „გურჯაანის ნაყინი“.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები