ირაკლი ღარიბაშვილი “ეკო გრინ სითის” პრეზენტაციას დაესწრო

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 200-250 ჰექტარ მიწის ფართობზე, ეკოლოგიური სამშენებლო მასალებით აგებული ინფრასტრუქტურული ობიექტების, საცხოვრებელი ვილების, კოტეჯებისა და ბინების მშენებლობა იგეგმება. “ეკო გრინ სითის” პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერი ეკონომიკის მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად, დღეს აკვაპარკ “ჯინო ფერედაისს” ეწვია. “ჯინო ფერედაისის” დამფუძნებელმა ნოდარ გიორგაძემ პრემიერ-მინისტრს აკვაპარკის ტერიტორია დაათვალიერებინა და “ეკო გრინ სითის” პროექტი წარუდგინა.

„ჯინო ფერედაისი“ არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომლის მსგავსი მთელს ამიერკავკასიაში არ არის. აქ ჩადებულია 28 მილიონი დოლარის ინვესტიცია, რომელიც განახორციელა ჩვენმა ქართველმა მამულიშვილმა – ნოდარ გიორგაძემ. ჩვენ განვიხილეთ სხვა პროექტები, რომლებიც ეხება თბილისის ზღვის ტერიტორიის განაშენიანებას. საუბარია დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე პირველ ეტაპზე. ჯამში, მილიარდ დოლარამდე ინვესტიცია შეიძლება განხორციელდეს. ამ პროექტს მერიასთან ერთად განვიხილავთ, ჩართულია ეკონომიკის სამინისტროც. დღეს იყო პროექტის პრეზენტაცია. საუბარია ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის გაშენიანებაზე თბილისის ზღვის ტერიტორიაზე. ამასთან ვგეგმავთ პროექტებს გუდაურსა და ბაკურიანში. ასევე განვიხილეთ კემპინგების სახელმწიფო პროგრამა. პროგრამა ძალიან საინტერესოა, თავდაპირველად 10 კემპინგის ადგილი გაკეთდება, ეს ნოდარ გიორგაძის ინიციატივაა და ჩვენ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს პროექტის განხორციელებაში”, – განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების პროექტის ფარგლებში აშენდება საბავშვო ბაღები, სკოლები, სპორტულ – გამაჯანსაღებელი, სამედიცინო – სამკურნალო, კურორტოლოგიური, სარეაბილიტაციო ობიექტები, პარკები, სპორტული მოედნები, სავაჭრო უბნები და სხვა სახის საქალაქო ობიექტები. ენერგიის 90% გამომუშავებული იქნება მზის, ქარის, წყლის და ბიოგაზის მეშვეობით. გამოყენებული იქნება ულტრათანამედროვე ენერგეტიკული დანადგარები, მზის კოლექტორები, ინვენტორები, კოოგენერაციული და ტრიგენერაციული დანადგარები. ნოდარ გიორგაძის განმარტებით, “ჯინო ფერედაისი” ბაკურიანში 4 სეზონისთვის მოქმედი აკვაპარკისა და დასასვენებელ – გასართობი პარკის მშენებლობას გეგმავს, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივი ინფრასტრუქტურის და ტურიზმის განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები