„გორი-ქარელის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სამშენებლო სამუშაოები გრძელდება
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „გორი-ქარელის“ 700 მმ დიამეტრის 13 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აგრძელებს.
გაზსადენის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოების 52% შესრულებულია, რაც მიწის ნაყოფიერი ფენის მოხსნას, ტრანშეას გათხრას, მილების შედუღება-იზოლაციას მოიცავს. გაზსადენის ზოგიერთ მონაკვეთზე ასევე ჩატარდა წინასწარი ჰიდრავლიკური გამოცდა.
სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია “საქმილსადენმშენი“ აწარმოებს.
აღსანიშნავია, რომ “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“ გორი-ქარელის მონაკვეთზე 2014 წელს დაასრულა აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის 20კმ-იანი სეგმენტის მშენებლობა, რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს დღეისთვის მიმდინარე სამუშაოები.
აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ 2017 წელს გეგმავს, რაც საშუალებას იძლევა მნიშვნელოვნად გაიზარდოს საქართველოს გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ტექნოლოგიური საიმედოობა.
როგორც კორპორაციაში აცხადებენ, პროექტების რეალიზაცია ასევე ხელს შეუწყობს შიდა ქართლისა და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მოსახლეობისა და საწარმოთა, თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა და შავიზღვისპირა რეკრეაცული ზონის გარანტირებული გაზმომარაგების გაზრდას.