რუსული მედია: 276 ე.წ. კანონიერი ქურდიდან 57% ქართველია
გამოცემა „პრაიმ-კრაიმი“ „ქურდულ სამყაროში“ არსებულ სტატისტიკას აქვეყნებს. ამ ინფორმაციის მიხედვით, 276 „მოქმედი“ „კანონიერი ქურდიდან“ 57% ქართველია. თბილისელი, ქუთაისელი და სოხუმელი ქურდები მთელი კლანებით არიან წარმოდგენილნი. ისინი იმდენად ბევრნი არიან, რომ მათ შორის დაპირისპირებული დაჯგუფებები იქმნება. პრაქტიკულად ყველა ქართველი ქურდი ან ერთმანეთის ნათესავია, ან, სულ მცირე, მეზობელი ან მეგობარი. ასე მაგალითად, თვალჭრელიძე, შუშანაშვილი, გოგოლაძე, მიქელაძე, ჯაფარიძე, ფაფიაშვილი და ქარდავა ახლო ნათესავები არიან.
რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზე რუსი „კანონიერი ქურდები“ არიან. სხვათა შორის, ქურდებად ისინი სწორედ ქართველებმა „აკურთხეს“. გამონაკლისები არიან 90-იანი წლების დასაწყისში „ქურდებად“ გამოცხადებული სლავი „კანონიერი ქურდები“, რომლებიც განსაკუთრებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. ასეთია მხოლოდ 7-8 ადამიანი, მაგრამ ისინი ხელშეუხებლები არიან პოლიციისთვისაც და სხვა ქურდებისთვისაც. მათი სახელებიც კი ბევრმა არ იცის.
მესამე ადგილზე სომეხი ქურდები არიან. ოღონდ ისინი თავის სომხეთში კომპაქტურად ცხოვრობენ და მის ფარგლებს გარეთ გავლენა არ აქვთ. „პრაიმ-კრაიმის“ ცნობით, სომხეთის ხელისუფლებამ ამ ადამიანებს სასათბურე პირობები შეუქმნა და ამის შემდეგ სოჭში მცხოვრები ქურდებიც კი სამშობლოში დაბრუნდნენ. ახლა ისინი სომხეთში მოსკოველ სტუმრებს იღებენ და სახელმწიფო დონეზე საკუთარი ინტერესების ლობირებას ეწევიან. გამოცემის ინფორმაციით, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ასეთი ხელსაყრელი პირობები „კანონიერ ქურდებს“ მხოლოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე აქვთ შექმნილი.
მეხუთე ადგილზე იეზიდი კანონიერი ქურდები არიან. თუმცა ამ ერის წარმომადგენლები „ქურდულ სამყაროში“ ისეთი სახელებით არიან ცნობილნი, როგორიცაა „დედ ხასანი“ (ასლან უსოიანი) და შაქრო კალაშოვი. ეს ადამიანები უკვე მეოთხედი საუკუნეა კრიმინალურ რუსეთში სიტუაციას აკონტროლებენ.