გიორგი კვირიკაშვილი: აბაშიძე-კარასინის ფორმატი აუცილებელია

საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის ფორმატი აუცილებელია იმ ეკონომიკური საკითხების მოსაგვარებლად, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში არსებობს.
ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
კვირიკაშვილმა ლარსის საბაჟო პუნქტზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.
“თქვენ ალბათ ნახეთ, სპეკულაციის საგანი გახდა სატვირთო მანქანების რიგები, რომელიც ლარსის საბაჟოს მიმართულებით არის. პრეტენზიები გამოითქვა, რომ ყურადღება არ ექცევა. პირადად გახლდით არაერთხელ ამ მიმართულებაზე, უწყებათშორისი ჯგუფიც კი შევქმენით, რათა მალფუჭებადი პროდუქტები და მანქანები, რომლებსაც ქალები და ბავშვები გადაჰყავთ, ცალკე რიგის სახით გაუშვან. თუმცა, სამწუხაროდ, მეორე მხარეს – საბაჟოზე გაცილებით უფრო ნელია პროცედურები, მაშინ, როდესაც ჩვენი მხარე ერთი სატვირთო მანქანის გაშვებას მაქსიმუმ ერთნახევარ-ორ წუთს ანდომებს, მეორე მხარეს ეს პერიოდი არის გაცილებით დიდი. ამით არის გამოწვეული ეს რიგები და ალბათ, ასეთი საკითხების განსახილველად არის სწორედ ეს ფორმატი, სადაც ხშირად ტექნიკურ დონეზე ხდება ასეთი ტიპის საკითხების განხილვა”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, ამ ფორმატს აუცილებლად გამოიყენებენ, თუნდაც კონკრეტულად ამ საკითხის განსახილველად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები