ლევან კობიაშვილი: მოვუწოდებ ყველას, არჩევნები ნორმალურ პირობებში ჩავატაროთ

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი ლევან კობიაშვილი ყველა კანდიდატს მოუწოდებს, არჩევნები ნორმალურ პირობებში ჩატარდეს. როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, არჩევნების სამართლიანად ჩატარება ფეხბურთის ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს.
ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა დინამო “თბილისს” მადლობა გადაუხადა, რადგან სწორედ აღნიშნულმა კლუბმა წარადგინა კობიაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად.
„უკვე ოფიციალურად ვარ კანდიდატი, რაც ძალიან მახარებს. ჩემი წარდგენა “დინამო თბილისიდან” მოხდა და პირველ რიგში, მათ მინდა გადავუხადო მადლობა, შემდეგ კი ყველა გულშემატკივარს. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ამ კვირის განმავლობაში დაგეგმილია რეგიონული ფედერაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ასევე ასოციაციებთან შეხვედრა. კვირის ბოლოს იქნება შემაჯამებელი შეხვედრა ვეტერან ფეხბურთელებთან. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იქნება, რადგან მათი მხარდაჭერა, ყველასთვის, მათ შორის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სხვადასხვა აქტივობები მექნება 7 სექტემბრის შემდეგ, როდესაც რეგისტრაცია დამთავრდება. 3 ოქტომბრამდე ყველა რეგიონში მომიწევს ჩასვლა და რაც მთავარია, შეხვედრები მექნება გულშემატკივრებთან. მათ გარეშე ფეხბურთი წარმოუდგენელია და მინდა იცოდნენ, რას ვგეგმავ. მე უკვე განვაცხადე, რომ ჩვენი პრინციპი გუნდური მუშაობაა, რაც ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვის“, – განაცხადა კობიაშვილმა.
კობიაშვილის თქმით, ყველა კანდიდატმა უნდა უზრუნველყოს და შეძლოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თანაბარ პირობებში ჩატარდეს.
„პირველ რიგში, ეს ფეხბურთის ფედერაციამ უნდა უზრუნველყოს, რადგან ეს არა მარტო ადამიანებს, არამედ ქართულ ფეხბურთს აზიანებს, მოვუწოდებ ყველას, ერთხელ და სამუდამოდ არჩევნები ნორმალურ პირობებში ჩავატაროთ, სადაც ყველა კანდიდატს, საკუთარი პროგრამის წარდგენისა და მხარდაჭერის საშუალება ექნება“, – განაცხადა კობიაშვილმა.
ლევან კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები