პრეზიდენტის ადმინისტრაცია: შემაშფოთებელია ის ტენდენცია, როცა მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს

შემაშფოთებელია ის ტენდენცია, როცა მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს, – ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსმა, თინათინ მჟავანაძემ განაცხადა. მან ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება გააცნო.
“პოლიტიკურად აქტიური და ინფორმირებული საზოგადოება სახელმწიფოს დემოკრატიულობის საფუძველია. ქართული საზოგადოება ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების გზაზე ყოველთვის გამოირჩეოდა პოლიტიკური პასუხისმგებლობით. სწორედ ამ საზოგადოების მონაპოვარია თავისუფალი მედია, რომლის მიმართაც ჩვენი მოქალაქეები განსაკუთრებით მგრძნობიარე არიან. დემოკრატიის განმტკიცება თავისუფალი და კონკურენტუნარიანი მედიის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამიტომ, შემაშფოთებელია ის ტენდენცია, როცა მედიაში მიმდინარე პროცესები კითხვებს ბადებს, მით უფრო ახალი პოლიტიკური სეზონის დაწყებისა და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ. საქართველოს პრეზიდენტი, როგორც ქვეყანაში დემოკრატიისა და კონსტიტუციის გარანტი, ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს მედიაში მიმდინარე პროცესებს და საზოგადოებასთან ერთად დაიცავს მედიის კონსტიტუციურ თავისუფლებას”, – განაცხადა თინათინ მჟავანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები