ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე სამუშაოები გრძელდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, ფშაველი–აბანო–ომალოს გზის განსაკუთრებით სახიფათო მონაკვეთებზე, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საგზაო სამუშაოები გრძელდება.
აღნიშნულ ადგილას რკინა-ბეტონის საყდრების ამოყვანა, კიუვეტების, გაბიონების და ბეტონის კონსტრუქციების მოწყობა და გზის გაფართოება მიმდინარეობს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ნუგზარ გასვიანმა მიმდინარე სამუშაოები ადგილზე მოინახულეს.
კახეთის რეგიონში, 21 აგვისტოს ღამეს მოსულმა უხვმა ნალექმა, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე ჩამოიტანა კლდისა და მიწის ნაშალი, გარდა ამისა, ადიდებულმა მდინარე ალაზანმა გზის რამდენიმე მონაკვეთს მთლიანად გამოაცალა საფუძველი და მოწყვიტა სავალ ნაწილს, რამაც გზის პარალიზება გამოიწვია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინტენსიური მუშაობის შედეგად, გზა გაიწმინდა ჩამოტანილი კლდის ნაშალისაგან, სტიქიისაგან მოწყვეტილ მონაკვეთებზე გაიჭრა ახალი გზა, რიგ მონაკვეთებზე ჩატარდა გზის აღდგენის სამუშაოები.
ამ ეტაპზე, მაღალი გამავლობის მქონე ავტომობილებისთვის გზა გახსნილია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები