კახა კახიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ახალ ხელმძღვანელს კრიატიან ურსეს და ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილეს ალესანდრო სავარისს შეხვდა.
გაცნობით შეხვედრაზე მინისტრმა და სტუმრებმა ევროპის საბჭოსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა მადლიერებით აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისი აქტიურად თანამშრომლობს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს სასჯელაღსრულების სისტემაში ევროპული სტანდარტების დანერგვაში.
2013 წლიდან დღემდე ევროპის კავშირისა და ევროპის საბჭოს პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ ტრენინგებზე სისტემის 1000-ზე მეტი თანამშრომელი გადამზადდა. ციხის რეჟიმის 24-მა ახლად აყვანილმა თანამშრომელმა უკვე გაიარა გრძელვადიანი მომზადების პროგრამა, ხოლო 25 ამჟამად გადის მომზადებას.
პროექტის ხელშეწყობითა და ევროპის საბჭოს ექსპერტების ჩართულობით მომზადდა და დამტკიცდა სისტემის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი აქტები, ინსტრუქციები და სტანდარტები. ერთერთი ასეთი დოკუმენტი- პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სტანდარტები, ადაპტირებულ და 7 ენაზე თარგმნილ გზამკვლევთან ერთად აგვისტოში დაიბეჭდა და გადაეცა სამინისტროს პატიმრებისთვის დასარიგებლად.

ამავე პროექტით გათვალისწინებულია სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფოსთვის სამედიცინო აპარატურის შეძენაც.
ევროპის საბჭოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი პროგრამის „ადამიანის უფლებები ციხეებსა და დახურული ტიპის სხვა დაწესებულებებში“ განხორციელება 2013 წლის ივლისში დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფასა და სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები