თბილისის აეროპორტში დამლაგებლების გაფიცვა 5-5 ლარით დაჯარიმებას მოჰყვა

თბილისის აეროპორტში დამლაგებლების გაფიცვა თანამშრომლების 5-5 ლარით დაჯარიმებას მოჰყვა, – ამის შესახებ „კვირას“ კომპანია “დოქტარ როდგერის” ხელმძღვანელმა ირინა ჭელიძემ განუცხადა. როგორც „კვირასთან“ საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელმა განმარტა, მან 2 თანამშრომლის დაჯარიმების შესახებ გადაწყვეტილება ორი დღის წინ მიიღო.
„ჩვენ კომპანიას ვალდებულება აქვს აღებული, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სისუფთავე უზრუნველყოთ. ალბათ წარმოგიდგენიათ, რომ აეროპორტს უამრავი ხალხი სტუმრობს და შენობაში განთავსებული საპირფარეშოები მუდმივად უნდა სუფთავდებოდეს. ორი დღის წინ, საპირფარეშო შევამოწმე და შენიშვნა მივეცი 2 დამლაგებელს, ეს არ იყო პირველი შემთხვევა. გადავწყვიტე, რომ ორივე მათგანი დამეჯარემებინა 5-5 ლარით და ნაცვლად 375 ლარისა, ისინი მიიღებდნენ 370 ლარს. მეორე დღეს, ანუ გუშინ, ყველა დამლაგებელი შემოვიდა ჩემს ოთახში და მომხდარის შესახებ პრეტენზიები გამოთქვეს. როგორც მითხრეს, მათ ბანკის ვალები აქვთ აღებული და თითოეული თეთრი მათთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი კომპანიის ვალდებულებაა აეროპორტში სისუფთავეზის ნორმები დავიცვათ. ესეც ხომ გასათვალისწინებელია. ვინაიდან ჩემს სამუშაო ოთახში სტუმრები იმყოფებოდნენ, ვთხოვე მათ, ოთახიდან გასულიყვნენ, მაგრამ არ გადიოდნენ, იძულებული გავხდი და მოვთხოვე, რომ ოთახი დაეტოვებინათ. დღეს კი, საერთოდ არ ალაგებენ აეროპორტს და გაფიცვა მოაწყვეს“, – აცხადებს ირინა ჭელიძე.

მისივე თქმით, იგი დამლაგებლებს პროტესტის შემდეგ შეხვდა და მოლაპარაკება გამართა. ირინა ჭელიძის ინფორმაციით, მან მოლაპარაკების შედეგად, თანამშრომლებს მიმართა, „ის ვინც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს ვერ შეასრულებს, ხელშეკრულებას გაუუქმებს.  მისი თქმით, სამსახურის დაკარგვა არცერთ თანამშრომელს არ სურს.
ამ ეტაპზე, როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დამლაგებლების გაფიცვა დასრულდა და ისინი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას ასრულებენ. შეგახსენებთ, რომ თბილისის აეროპორტში დამლაგებლები გაიფიცნენ. ისინი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე სამუშაოს შესრულებაზე უარს აცხადებდნენ.
პერსონალი თბილისის აეროპორტის კონტრაქტორმა ფირმამ “დოქტარ როდგერმა” დაიქირავა.
გაფიცულებს სწორედ ამ კომპანიასთან აქვთ მოთხოვნები. ისინი დაზღვევას, კვებით და ტრანსპორტით უზრუნველყოფას და ხელფასის მომატებას ითხოვენ.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, გაფიცულები კომპანია “დოქტარ როდგერის” ხელმძღვანელს ირინა ჭელიძეს, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. როგორც ისინი აცხადებენ, როდესაც ჭელიძეს მათ მოთხოვნები წარუდგინეს, ხელმძღვანელმა ისინი კაბინეტიდან გამოყარა და იყო ფიზიკური შეურაცხყოფა. ბოლოს 2 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები