“ნორმალური ექიმი ძალიან დაბალ ხელფასზე მუშაობას არ დათანხმდება”
პირველი რგოლი რომ მოწესრიგდება, სტაციონარი უაზროდ არ გადაიტვირთება, რაც მომსახურების ხარისხზეც დადებითად აისახება პირველადი ჯანდაცვის რგოლის რეფორმის მნიშვნელობაზე თერაპევტი მარინა ჩემია საუბრობს.
მისი აზრით, პირველად რგოლში არსებობს კვალიფიციური კადრების პრობლემა. „გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მათი საქმე ხშირად მიმართვების გაცემით შემოიფარგლება. ამას რიგითი ექიმიც შეძლებს. პირველადი რგოლის ექიმს რომ მიაკითხავს პაციენტი, მას უნდა შეეძლოს დიაგნოზის დასმაც, ამბულატორიული მომსახურების გაწევაც. მაგალითად, ავიღოთ ჰიპერტონული მდგომარეობა, ან პაციენტი ძლიერი წელის ტკივილით. ასეთ მდგომარეობაში მყოფ პაციენტს მიმართვით იქით–აქეთ სირბილი არ უნდა უწევდეს. მე ვფიქრობ, ვინც აპირებს რეფორმის გატარებას, ერთხელ თვითონ უნდა დადგეს რიგში ექიმთან და გაიაროს მთლიანად ის ეტაპი, რასაც გადის შეწუხებული პაციენტი. მე ვფიქრობ დაბალი ხელფასები და არასათანადო გარემოში მუშაობაც იწვევს იმას, რომ ხშირად პაციენტებს გულდასმით არ უსმენენ, აძლევენ მიმართვას და მარტივად იშორებენ თავიდან. პოლიკლინიკებში სისხლისა და შარდის ანალიზებზე დილიდან ხალხის რიგებია. ერთი ექიმი დღეში ოცდაათ და მეტ პაციენტს ნორმალურად ვერ მიხედავს“, – ამბობს მარინა ჩემია. – რა როლი ეკისრება პირველად ჯანდაცვას პედიატრიაში? რა სარგებელს მიიღებენ დედები, ბავშვები და თითოეული ოჯახი ამ რეფორმით?
– ერთეული პედიატრები მეგულება, რომლებიც მართლაც მაღალი კვალიფიკაციის მქონე არიან პირველად რგოლში. ამჟამად ვმუშაობ ბათუმში და აქ სწორედ ასეთი მდგომარეობაა. ნორმალური ექიმი ძალიან დაბალ ხელფასზე მუშაობას არ დათანხმდება. რა თქმა უნდა, არიან კარგი სპეციალსიტები და მათთან მისული მშობელი კმაყოფილი დარჩება, მაგრამ საერთო ფონი უნდა შეიცვალოს. თუ ექიმების ანაზღაურება პირველად რგოლში არ გაიზრდება, რაღაც დროის მერე უკმაყოფილო მედიკოსები უბრალოდ ვეღარ შეძლებენ არსებობას. რა თქმა უნდა, მშობლისა და შვილის კმაყოფილება მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც, რომელიც არ უნდა დაგვავიწყდეს.
მე ვარ თერაპევტი და მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაო ჯანდაცვამ მთელი საქართველო მოიცვა, მაინც ძალიან დატვირთულები ვართ თერაპევტები. თუ სადაზღვევო ექიმი სწორედ იმუშავებს, პაციენტს აღარ მოუწევს ფასიანი თერაპევტის, ან თუნდაც პედიატრის მოძებნა. კერძო კლინიკაში მომუშავე პედიატრებსაც აკითხავენ საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე პაციენტები, მიზეზად კი ასახელებენ იმას, რომ პროგრამის ფარგლებში ვერ უსვამენ სწორ დიაგნოზს.
კარგი იქნებოდა, თუ სახელმწიფო პროგრამას თავისი კომპანია ან წარმომადგენლები ეყოლებოდა, რომლებიც ხარჯების მიზანმიმართულებას შეამოწმებდა. პერიოდულად უნდა ტარდებოდეს მონიტორინგი, რომ ხარჯები არამიზნობრივად არ მიდიოდეს. ჩვენთან ასე არ არის. – არის თუ არა პოზიტიური ცვილილებები ჯანდაცვის სფეროში რეფორმების ხარჯზე წინა პერიოდთან შედარებით?
– ძალიან მომწონს ზოგადი მდგომარეობა სტაციონარებში. როცა მე, თერაპევტმა ვიცი სად შემიძლია გავაგზავნო ჩემთან მოსული პაციენტი და პაციენტს არ აქვს შიში იმისა, რომ თანხას ვერ გადაიხდის. ეს ძალიან დიდი შვებაა პაციენტებისთვის.
– თქვენი აზრით უნდა მოხდეს თუ არა პირველადი რგოლის ექიმების გადამზადება რეფორმის ფარგლებში?
– ვფიქრობ, აუცილებელია. პირველადი რგოლი რომ მოწესრიგდება, სტაციონარი უაზროდ არ გადაიტვირთება, რაც მომსახურების ხარისხზეც დადებითად აისახება. თუ მოწესრიდგება ავადმყოფის მართვა, დისპანსერიზაცია და პროფილაქტიკა უბანზე, რა თქმა უნდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ გაუარესდება და საერთო შედეგი კი ის იქნება, რომ სტაციონარზე ნაკლები დატვირთვა მოვა. გეგმიური კვლევების დროს დაავადებების დასაწყისი ეტაპის მიგნებაა შესაძლებელი, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პირველადი რგოლის გაძლიერება ჯანდაცვაში.