„მანქანა საკუთარ ეზოში მეყენა, დილის 4 საათზე მოულოდნელად აალდა” (ფოტოკოლაჟი)
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანქანის დაწვასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა უკვე დაჰკითხეს, – ამის შესახებ „კვირას“ საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ განუმარტა. მისი თქმით, იგი ამ ეტაპზე ექსპერტიზის პასუხს ელოდება.
როგორც „კვირას“ ჩაჩანიძემ განუცხადა, შემთხვევა 20 აგვისტოს დილის 4 საათზე მოხდა.
„მანქანა საკუთარ ეზოში მეყენა, დილის 4 საათზე მოულოდნელად მანქანა აალდა, რის შედეგადაც დაიწვა მანქანის უკანა ნაწილი. ეჭვი არავისზე არ მაქვს. როგორ შეიძლება ეჭვი ვინმეზე მივიტანო, მორწმუნე კაცი ვარ. როგორ მოხდა მანქანის აალება, ვერ გეტყვით, შეიძლება ელექტროსადენები აალდა, ან ვინმე შემთხვევითმა მგზავრმა სიგარეტის ნამწვი გადააგდო“, – აცხადებს ზაზა ჩაჩანიძე. საკრებულოს თავმჯდომარე კატეგორიულად უარყოფს შურისძიების გამო მანქანის დაწვას. ამასთანავე, როგორც ზაზა ჩაჩანიძე განმარტავს, მას კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია.
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას დღეს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე ოფიციალური განცხადებითაც გამოეხმაურა, რომელსაც „კვირა“ უცვლელად“ გთავაზობთ: „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მანქანის დაწვასთან დაკავშირებით, ინტერნეტში გავრცელდა არასწორი ინფორმაციები და ფოტოები. ამასთან დაკავშირებით ბორჯომის მუნიციპალიტეტი მოგახსენებთ, რომ მანქანა დღეს იმყოფება შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს შენობის ეზოში და ტექნიკურად გამართულია. მას გადააგილების არანაირი პრობლემა არ აქვს. დაზიანებულია მხოლოდ მანქანის უკან არსებული ბამპერის ნაწილი. შემთხვევა 20 აგვისტოს ღამის საათებში მოხდა. მიმდინარეობს გამოძიება სხვისი ქონების განზრახ დაზიანების მუხლით. აღნიშნული ფაქტის გამომწვევი მიზეზების დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება“, – ნათქვამია განცხადებაში. როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება 188-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. უწყებაში განმარტავენ, რომ ავტომობილის ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ დადგინდება, რამ გამოიწვია ეს ფაქტი. ამ დროისთვის დაკავებული არავინ არ არის.