ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭება

დღეს, 14:00 საათზე, ჯვარში ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონია გაიმართება. ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ხელს მოაწერენ შეთანხმებას, რომელიც ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლისთვის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის განსაზღვრას ითვალისწინებს. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საინვესტიციო ფონდის, ენერგოსექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ენგურჰესი ქვეყნის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინიტროსა და შპს „ენგურჰესის“ ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდება.
ღონისძიებაზე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია ჰესის 12 თანამშრომელს ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის სიგელებს და ფულად პრემიას გადასცემენ.
ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსია, რომელიც დაბა ჯვრიდან შავ ზღვამდე, ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრი, ხოლო განივისიგძე 728 მეტრია; ცის თაღის ფორმის კაშხალი, მისი სიმაღლით, მეორე ადგილზეა მსოფლიოში თაღოვან კაშხლებს შორის.

ინდუსტრიული და საინჟინრო მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებისა და ამ მიმართულებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აქტიურ მუშაობას იწყებს.
ინდუსტრიული მემკვიდრეობის დაცვის და გადარჩენის მნიშვნელობის დასტურია UNSESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წლევანდელი, 39-ე სესია, სადაც ნორვეგიის რიუკან-ნოტოდენის სამრეწველო მემკვიდრეობას – ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, ქარხნების, სატრანსპორტო სისტემებისა და ქალაქების ერთობლიობას – მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია ასევე, იაპონიის მეიჯი პერიოდის ინდუსტრიული რევოლუციის სივრცეები (ქარხნები, ქალაქები), ჰამბურგის საწყობები, ფორტ ბრიჯი დიდ ბრიტანეთში, „ფრაიბენტოს“ ინდუსტრიული ლანდშაფტი ურუგვაიში. 2015 წელს, ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, „ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დღეების“ მთავარი თემა სწორედ ინდუსტრიული მემკვიდრეობა იქნება.

ენგურჰესი
ენგურზე ჰესის მშენებლობის დაწყებას საფუძვლად ნიკო ნიკოლაძის სურვილი და იდეა უდევს, რომელზეც მსჯელობა წლების განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. ნახევარსაუკუნოვანი ფიქრის შემდეგ ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება, ტერიტორიის კველვისა და დეტალური დაზვერვის შედეგად მიიღეს. საბოლოოდ ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და 1977 წელს დასრულდა. თაღოვანი კაშხლის კონსტრუირება საკმაოდ რთულ საინჟინრო კვლევით ამოცანას წარმოადგენდა. საპროექტო დამუშავების დროს ხდებოდა თაღოვანი კაშხლის კონსტრუქციის თანადათანობითი ფორმირება და ოპტიმიზაცია. საბოლოო სახით მიღებული იქნა ოპტიმალური ფორმის 3 ცენტრიანი თაღოვანი კაშხალი, რამაც კაშხლის კონსტრუქციის საიმედობა და სიმტკიცე გაზრდა. ასეთი გადაწყვეტა სრულიად ახალი სიტყვა იყო მსოფლიო კაშხალთმშენებლობის პრაქტიკაში და ეს საკითხი დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. შთამბეჭდავია ენგურჰესის საპროექტო ენერგეტიკული პარამეტრებიც, ობიექტმა ექსპლუატაციაში შესვლის პერიოდიდან (1977 წლიდან) დღემდე 110 მილიარდ კვტ.სთ-ზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავა.
საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროკომისია, შვეიცარიის მთავრობა) თანადგომით 2004-2007 წლებში კაშხლის რეაბილიტაცია განხორციელდა, რომლის ფარგლებში მოხდა კაშხლის ტანში არსებული გალერეების რეკონსტრუქცია, დამონტაჟდა ახალი თანამედროვე სატუმბო დანადგარები. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ტურბინა-გენერატორებსა და სხვა ელექტრომოწყობილობებს. თაღოვან კაშხლზე დამონტაჟდა მონიტორინგის სრულიად ახალი თანამედროვე ტიპის სისტემა. ამდენად, დღეისათვის კაშხლის კონტროლი წარმოებს უახლესი ტიპის სხვადასვხვა სახის და დანიშნულების საკონტროლო-გამზომი აპარატურით. საერთაშორისო ექსპერტების საერთო შეფასებით, ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი შეყვანილია საუკეთესოდ აღჭურვილ კაშხალთა რიგში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები