კულტურის სამინისტროში კულტურის ქვეპროგრამის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება

დღეს, 17:00 საათზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართება ევროკავშირის პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ („Creative Europe”) კულტურის ქვეპროგრამის (Culture Office) საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცცვის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი დაესწრება.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება თანამშრომლობის პროექტების დაფინანსების პრიორიტეტები და პირობები.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საერთაშორისო ასპარეზზე აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის პირველია, რომელიც ევროკავშირის პროგრამის – “Creative Europe”-ის („შემოქმედებითი ევროპა“) წევრი გახდა. 24 თებერვალს, ბრიუსელში ხელმოწერილი შეთანხმების შედეგად, კულტურის სფეროში მოღვაწე ქართულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ კულტურისა და მედიის ქვეპროგრამებით გამოცხადებულ კუნკურსებში და მოიპოვონ დაფინანსება ევროპელ პარტნიორებთან ერთად, ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით. 2015 წლის 6 აგვისტოს, კულტურის ქვე-პროგრამის ფარგლებში, დაიწყო თანამშრომლობის პროექტების (Cooperation Projects) მიმართულებით პროექტების მიღება.

„შემოქმედებითი ევროპა“ ევროპული კინოს, კულტურისა და კრეატიული სექტორების მხარდასაჭერად შეიქმნა და მიზნად ისახავს მათი როლის გაზრდას ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში. 2014-2020 წლებზე გათვლილი 1,46 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, პროგრამა მხარს დაუჭერს ათასობით ხელოვანს, კულტურის, აუდიოვიზუალური, საშემსრულებლო თუ გამომსახველობითი ხელოვნების, საგამომცემლო, კინო, ტელე, მუსიკის, კულტურული მემკვიდრეობისა და ვიდეოთამაშების ინდუსტრიის წარმომადგენლებს. დაფინანსების მეშვეობით კულტურის სხვადასხვა სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებს შეეძლებათ, იმუშაონ ევროპის მასშტაბით, წარდგნენ ახალი მაყურებლის/მსმენელის წინაშე და განავითარონ ციფრულ ერაში საჭირო უნარები. ევროპული კულტურის ნიმუშებისათვის სხვა ქვეყნების მაყურებლის/მსმენელის წინაშე წარდგენის მხარდაჭერით პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს კულტურული და ენობრივი მრავალფეროვნების შენარჩუნებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები