ქართულ-უკრაინული გამოფენის შესახებ კულტურის სამინისტროში პრესკონფერენცია გაიმართება
კულტურის სამინისტროში ხვალ თანამედროვე ხელოვნების ქართულ-უკრაინული გამოფენის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება, რომელიც 2015 წლის სექტემბერში სტამბოლისა და კიევის ბიენალეებზე იქნება წარმოდგენილი. როგორც “კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, პრესკონფერენციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე კახა კანდელაკი, სამინისტროს პოპულარიზაციისა და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი ანა რიაბოშენკო და გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე ავტორი თამარ ჭაბაშვილი გაუძღვებიან.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართულ-უკრაინული გამოფენა – “ფიქრის ფორმის მანიფესტი – გაუჩინარების გზა” 2015 წლის 2-30 სექტემბერს, სტამბოლის საერთაშორისო ხელოვნების მე-14 ბიენალეს პარალელური პროგრამის ფარგლებში და კიევის ბიენალეზე (8 სექტემბერი-1 ნოემბერი) იქნება წარმოდგენილი. სტამბოლის საერთაშორისო ხელოვნების მე-14 ბიენალეს თემაა SALTWATER a Theory of Thought Forms (“ზღვის წყალი – ფიქრის ფორმის თეორია”), კიევის ბიენალესი კი – The School of Kyiv (კიევის სკოლა).
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული გამოფენის იდეის ავტორი ცნობილი ავსტრიელი კურატორი გეორგ შოლჰამერია, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მოწვევით, თბილისს 2-4 ივნისს სტუმრობდა. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გეორგ შოლჰამერი სხვადასხვა სახელოვნებო ორგანიზაციის წარმომადგენლებს, კურატორებს და ხელოვანებს შეხვდა, 100-ზე მეტი არტისტის პორტფოლიოს გაეცნო და არჩევანი 3 ქართველ არტისტზე – ანა ჩადუნელზე, თამარ ჭაბაშვილზე და უტა ბექაიაზე შეაჩერა. პარალელურად, ქართულ-უკრაინულ გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად არტისტები შეირჩნენ უკრაინიდანაც, კერძოდ, ანა ზვიაგენცევა და ლადა ნაკონეჩნა.