საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით შემოტანის ბრალდებით სომხეთის მოქალაქე დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საბაჟო პროცედურების გავლისას, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1947 წელს დაბადებული ფრუნზიკ ა. საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით შემოტანის ბრალდებით სასაზღვრო პოლიციის მესამე სამმართველოს (წითელი ხიდი) მეექვსე სასაზღვრო სექტორის (სადახლო) დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს საბაჟო გამშვები პუნქტ „სადახლოს“ გავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში „ვალტერის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი და 10 საბრძოლო ვაზნა წესის დარღვევით შემოჰქონდა. სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის სალონიდან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცეცხლსასროლი იარაღის წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).