ბექა ბასილაია: იმედი მაქვს, ნაფიცი მსაჯულები მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, როგორსაც ჟვანია მიიღებდა

ჟვანიას საქმეზე ბრალდებულ კობა ხარშილაძის ადვოკატი ბექა ბასილაია იმედოვნებს, რომ ამ წუთებში სათათბიროდ გასული ნაფიცი მსაჯულები ისეთ ვერდიქტს გამოიტანენ, როგორსაც ზურაბ ჟვანია მიიღებდა, ანუ ბექა ბასიალაია მისი დაცვის ქვეშ მყოფის გამამართლებელ განაჩენს ელოდება. ამის შესახებ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ადვოკატის თქმით, კობა ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია იმ მარტივი მიზეზის გამო უნდა გამართლდნენ, რომ ისინი ზურაბ ჟვანიას ნების მიხედვით მოქმედებდნენ.
“გამამართლებელი განაჩენი იმ ელემენტარული მიზეზით უნდა იქნას მიღებული, რომ ხარშილაძე და ძაძამია მოქმედებდნენ ზურაბ ჟვანიას ნების შესაბამისად. თუ დღეს არ იქნება გამამართლებელი ვერდიქტი, ამ ლოგიკით თავად ზურაბ ჟვანია ყოფილა დამნაშავე, რომ ამ პირებს აძლევდა არაკანონიერ დავალებებს. ისინი ხომ ზურაბ ჟვანიას ნების შესაბამისად მოქმედებდნენ. იმედი მაქვს, ნაფიცი მსაჯულები არ მოექცევიან საზოგადოებრივი აზრის ტყვეობაში და ამ ათწლიანი წუმპის ტყვეობაში, რომელიც ყოველდღიურად გვესმის, რომ თითქოს რაღაც განსაკუთრებული მოხდა ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ჩვენ კი ვერ მოვისმინეთ დღემდე, ეს განსაკუთრებული რა არის. აქედან გამომდინარე, გვაქვს ნაფიცი მსაჯულების სამართლიანობის იმედი, რომ ისინი მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, როგორსაც მიიღებდა ზურაბ ჟვანია”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ამ წუთებში ნაფიცი მსაჯულები მსჯელობენ. გადაწყვეტილების მისაღებად მათთვის პირველ ეტაპზე სამ საათია განსაზღვრული.
თუ ამ დროის განამვლობაში ვერ მიიღეს გადაწყვეტილება, დამატებით 6 საათი კიდევ მიეცემათ.
იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი ექვსი საათის განმავლობაშიც ვერ გამოიტანეს განაჩენი, ისევ სამი საათი განესაზღვრებათ.
თუ ამ დროის განმავლობაშიც ვერ შეთანხმდებიან, მოსამართლე მათ გონივრულ დროს მისცემს, ან ნაფიც მსაჯულთა ახალი შემადგენლობის პროცესს დანიშნავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები