პროკურატურამ თაღლითობის ფაქტზე ქალი დააკავა
თბილისის მთავარი პროკურატურის თანამშრომლებმა თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე ნინო. გ. დააკავეს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ნ. გ. ერთ-ერთი ბრალდებულის ძმას – ზვიად გოგატიშვილს, გაეცნო როგორც მოქმედი პროკურორი და დაარწმუნა, რომ ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა თბილისის პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან. იგი გოგატიშვილს დაპირდა, რომ 5000 ლარის გადახდის შემთხვევაში, მის პატიმარ ძმას გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება მსუბუქ სასჯელზე. „როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო პერიოდში პროკურატურა აქტიურად მუშაობს არაერთ სისხლის სამართლის საქმეზე, რომლებზეც გამოვლენილნი ან ჯერ კიდევ გამოძიების და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც პროკურატურის სახელით, თითქოსდა საქმეებზე საპროცესო გარიგებების დადების პირობით, ისედაც გაჭირვებაში მყოფ მოქალაქეებს თაღლითურად სძალავენ დიდი ოდენობის თანხებს. ანალოგიურ ფაქტზე თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა ნანა გეწაძე დააკავეს.
კერძოდ, მოქალაქე ნანა გეწაძე ერთ-ერთი ბრალდებულის ძმას – ზვიად გოგატიშვილს, გაეცნო როგორც მოქმედი პროკურორი და ეს უკანასკნელი დაარწმუნა, რომ როგორც თანამშრომელი, ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა თბილისის პროკურატურის ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან. იგი გოგატიშვილს დაპირდა, რომ 5000 ლარის გადახდის შემთხვევაში, მის პატიმარ ძმას გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება მსუბუქ სასჯელზე. შედეგად ნანა გეწაძემ გოგატიშვილს გამოსძალა მითითებული თანხა და გადაცემის მომენტში იქნა დაკავებული. ამჟამად საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილი ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ითვალისწინებს. მივმართავთ საზოგადოებას, რომ პროკურატურასთან ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხდება მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური მიმოწერის გზით და ყველა სხვა შემთხვევაში, თუკი ოდნავ მაინც საეჭვოა რაიმე გარემოება, გთხოვთ აცნობოთ საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციას ან პროკურატურის ნებისმიერ დანაყოფს“, – აღნიშნულია განცხადებაში.