ზესტაფონში მამაკაცი მეუღლის ნათესავმა მოკლა – ბრალდებული დაკავებულია
ზესტაფონში, საავადმყოფოში შუახნის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელიც ქალაქის ცენტრში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. დაჭრის ფაქტს წინ ინციდენტი უძღოდა. შემთხვევა დღეს, დღის საათებში, ქალაქის ცენტრალურ უბანში მოხდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლის ნათესავმა ვალის მოთხოვნის გამო დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტს შს სამინისტროშიც ადასტურებენ. სამინისტროს პრესსამსახურის განმარტებით, დანაშაულში ეჭვმიტანილი პოლიციამ იქავე დააკავა.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, თავდაპირველად საქმე სსკ-ის 19-108 მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას ითვალისწინებს.
მას შემდეგ, რაც შუახნის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით გადაკვალიფიცირდება.