მიხეილ ძაძამია: ჟვანია გაიკეთებდა წვერს, სათვალეს, ქუდს ჩამოიფხატავდა – ამ დროს სასწაული შესახედი იყო
„ზურას შავი სპორტული ჩანთა ჰქონდა, იქ ელაგა ესენი. გაიკეთებდა ხოლმე ამ წვერს, გაიკეთებდა სათვალეებს, ქუდს ჩამოიფხატავდა, ამ დროს სასწაული შესახედი იყო“, – ამ სიტყვებით დაახასიათა გარდაცვლილი პრემიერ – მინისტრი სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა მიხეილ ძაძამიამ, რომელიც 2005 წელს ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი იყო. ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსის კობა ხარშილაძის შემდეგ, დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლისა და ნაფიცი მსაჯულების წინაშე ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ძაძამია დაიკითხა.
ბრალდებულმა ძაძამიამ ყოფილ პრემიერთან ურთიერთობა და მისი კონსპირაციული შეხვედრები გაიხსენა.
ძაძამიას თქმით, ზურაბ ჟვანია შეხვედრებზე წვერითა და სათვალით შენიღბული მიდიოდა.
„ეს ნიღაბი წვერი იყო და როდესაც მივდიოდით ხოლმე ამ კონსპირაციულ ბინებში, ზურას შავი სპორტული ჩანთა ჰქონდა, იქ ელაგა ესენი. გაიკეთებდა ამ წვერს, გაიკეთებდა სათვალეებს, ქუდს ჩამოიფხატავდა. ამ დროს სასწაული შესახედი იყო“, – აღნიშნა ძაძამიამ. ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა წევრმა 2005 წლის 3 თებერვლის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ მან მიიყვანა საბურთალოს ქუჩაზე ყოფილი პრემიერი, სადაც მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს. ძაძამიამ ასევე აღნიშნა, რომ სააკაძის მოედანზე ჟვანიას დავალებით იყიდა საჭმელი, სასმელი, საგარეტი და შემდეგ მიიყვანა იგი საბურთალოს ქუჩაზე, სადაც მოგვიანებით მივიდა რაულ უსუპოვი. ძაძამიას თქმით, სწორედ მან დაალაგა საჭმელი მაგიდაზე, შემდეგ ჩართო გამათბობელი და, პრემიერის ბრძანების შესაბამისად, საბურთალოს ქუჩა დატოვა. „მოგვიანებით, დავბრუნდი ისევ საბურთალოს ქუჩაზე, შევედი ეზოში, გადმოვედი მანქანიდან, გავიარე, არაფერი საეჭვო არ დამინახავს. ჩანდა, რომ ოთახში ტელევიზორი იყო ჩართული, ადამიანები არ ჩანდნენ. დავჯექი მანქანში, გადავურეკე რაულს, უნდა მეთქვა, რომ ტელეფონზე აკუმულატორი მიჯდებოდა და თუ მალე გამოდიოდნენ, ბარემ იქვე ვიდგებოდი. კატეგორიულად მეკრძალებოდა იქ დგომა, ზურასაც იმიტომ დავურეკე, რომ მეცნობებინა ტელეფონის დაჯდომის შესახებ, თუმცა არ აიღო. ჩემში არანაირ ეჭვს არ იწვევდა, მან რომ ტელეფონი არ აიღო. ეს იყო ჩვეულებრივი მომენტი, რა ვიცი, მე მგონი, მისი იქ მიყვანა 150-ე იყო“, – აღნიშნა პროცესზე ძაძამიამ. შეგახსენებთ, რომ მოსამართლისა და ნაფიცი მსაჯულების წინაშე გუშინ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე წარდგა. პრემიერის დაცვის ყოფილ უფროსსა და დაცვის ყოფილ წევრს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობისთვის აქვთ წარდგენილი. განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა მიმდინარე თვეში უნდა გამოიტანონ.