პროკურორი კობა ხარშილაძეს – ჟვანიას ორიენტაციაზე გაკეთებული განცხადებით, მისი გარდაცვალების გადაფარვა ხომ არ გინდოდათ
ზურაბ ჟვანიას საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის, ბრალდებულ კობა ხარშილაძის დაკითხვას პროკურორის კითხვები მოჰყვა. კერძოდ, ბრალდების მხარე დაინტერესდა და ბრალდებულებს მიმართა: „ჟვანიას ორიენტაციაზე გაკეთებული განცხადებით, მისი გარდაცვალების გადაფარვა ხომ არ გინდოდათ“, – ამის შესახებ ხარშილაძისა და ძაძამიას წინააღმდეგ საქმის პროკურორმა, ლევან ბაჩიაშვილმა ბრალდებულ ხარშილაძეს ჰკითხა.
პროკურორი ასევე დაინტერესდა, რატომ აკეთებს ხარშილაძე მსგავს განცხადებებს, როდესაც ზურაბ ჟვანიაზე ამბობს, რომ მისი მეგობარია.
„მეგობრობა ვის როგორ ესმის”, – აღნიშნა პროკურორმა და ხარშილაძეს ჰკითხა, ჟვანიას მხრიდან “შეთავაზების შესახებ, ვინმეს თუ აქვს ინფორმაცია”. ხარშილაძემ ამის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ყოფილი პრემიერის შეთავაზების შესახებ ნათესავს მოუყვა, რომელიც გარდაცვლილია.
„ზურა ჩემი მეგობარია, იყო და იქნება, რაც არ უნდა თქვათ. ჩემი პატარა რომ გაიზრდება, მასაც ეცოდინება, რომ მე ამ ადამიანთან ვმეგობრობდი”, – განაცხადა ხარშილაძემ და დასმულ შეკითხვაზე, როგორ აპირებს თავისი ნათქვამის დადასტურებას, აღნიშნა, რომ დაიჯერებენ თუ არა, ეს პროკურორების და ნაფიცი მსაჯულების გადასაწყვეტია.
ხარშილაძემ ასევე აღნიშნა, რომ მას გარდაცვლილის ძმა – გოგლა ჟვანია მიხეილ სააკაშვილის მიმართ ხელის გაშვერას სთხოვდა.
“თავიდან ჩავთვალე, რომ შოკში იყო, თუმცა შემდეგ ეს გაგრძელდა”, – განაცხადა ხარშილაძემ. მისი თქმით, იმას, რომ ზურაბ ჟვანია მისი გულგრილობის შედეგად გარდაიცვალა, ვერ დაიბრალებს.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით, ბრალდებულები კობა: ხარშილაძე და მიხეილ ძაძამია დაიკითხნენ. ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ დაკითხვისას ზურაბ ჟვანიას სექსუალურ ორიენტაციაზე ისაუბრა.
„ზურას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, რა არის დასამალი, შემოთავაზებაც მქონდა. 18 წლის გლდანელი ბიჭი ვიყავი. ზურამ მითხრა, იმედია, არ შეგაშინეო და სისულელეს არ იზამო. ორი-სამი დღის შემდეგ კვლავ მკითხა, შევიცვალე თუ არა აზრი და ვუთხარი, რომ არ შემიცვლია”, – განაცხადა კობა ხარშილაძემ სასამართლო პროცესზე.