„ჟვანიას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, რა არის დასამალი, შემოთავაზებაც მქონდა“
თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულებს და მოსამართლეს ჩვენებას გარდაცვლილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე აძლევს.
სასამართლო პროცესზე ხარშილაძემ სკანდალური ინფორმაცია გააჟღერა. როგორც მან განაცხადა, ზურაბ ჟვანიას ორიენტაციის შესახებ მან დიდი ხანია იცოდა და მას ყოფილი პრემიერისგან შეთავაზებაც მიუღია.
ადვოკატის კითხვაზე, თუკი შეთავაზება იყო ჟვანიას მხრიდან, რატომ დარჩა დაცვის სამსახურში, ხარშილაძის თქმით, ამ შეთავაზების შემდეგ სამსახურიდან იმ მოტივით არ წამოვიდა, რომ ზურაბ ჟვანიას მასზე ბევრი ამაგი ჰქონდა.
აღნიშნულ განცხადებას სასამართლოს დარბაზში მყოფი ხათუნა ხოფერიას მხრიდან მისი მისამართით რეპლიკები მოჰყვა, რაზეც მოსამართლემ დარბაზი გააფრთხილა, რომ განმეორების შემთხვევაში პროცესს დახურავდა.
“ზურას ორიენტაციის შესახებ დიდი ხანია ვიცოდი, რა არის დასამალი, შემოთავაზებაც მქონდა. 18 წლის გლდანელი ბიჭი ვიყავი. ზურამ მითხრა, იმედია, არ შეგაშინეო და სისულელეს არ იზამო. ორი-სამი დღის შემდეგ კვლავ მკითხა, შევიცვალე თუ არა აზრი და ვუთხარი, რომ არ შემიცვლია”, – განაცხადა კობა ხარშილაძემ.
მანვე სასამართლო პროცესზე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დღეც გაიხსენა.
როგორც მან განაცხადა, ზურაბ ჟვანია კონსპირაციულ შეხვედრებზე ხშირად დადიოდა, ნაწილი საქმიანი იყო, ნაწილი კი, პირადი.
“2005 წლის 3 თებერვალს, გამთენიისას, ოთხის ნახევარზე დამირეკა ძაძამიამ და მითხრა, რომ, მგონი, უბედურებაა, ზურას ვერ ვაგონებო. წავედი ამ ბინაში, ფანჯარაზე ავედი და სწორედ ფანჯრიდან შევედი ბინაში. დავინახე, ზურა იჯდა სავარძელზე და მარცხნივ ჰქონდა თავი გადაწეული. დავუძახე რამდენჯერმე, არ მიპასუხა, შემდეგ ჟალუზი მოვხსენი, შევედი. ზურა იატაკზე დავაწვინე, პულსი გავუსინჯე, ხელოვნური სუნთქვაც ჩავუტარე, თუმცა რეაქცია არ ჰქონია. უსუპოვთანაც მივედი, ისიც გარდაცვლილი იყო, ორივე შიშველ მდგომარეობაში დამხვდნენ. ამის შემდეგ გიორგი ბარამიძეს დავურეკე. ისე მოვიქეცი, როგორც ყველა მოიქცეოდა, ამას განსაკუთრებული ერთგულება არ სჭირდება. დავურეკე ბარამიძეს, რომელსაც ეძინა. თავიდან არ დამიჯერა, რაც ვუთხარი. შემდეგ მითხრა, პრეზიდენტმა უნდა იცოდეს ამის შესახებო. დავუკავშირდი პრეზიდენტს და ვუთხარი, რაც მოხდა. იქიდან იყო სიჩუმე, შემდეგ კი მითხრა, რომ მერაბიშვილი მიხედავდა ამ საქმეს”, – განაცხადა კობა ხარშილაძემ.