ლიკა კიკიანმა ის პირები ვერ ამოიცნო, რომლებმაც, მისივე მტკიცებით, სცემეს – პროკურატურის განცხადება
კლუბ „ვიტამინის“ მენეჯერმა ლიკა კიკიანმა საგამოძიებო მოქმედების დროს, ის პირები ვერ ამოიცნო, რომლებმაც, მისივე განცხადებით, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს – ამის შესახებ „კვირას“ მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, კიკიანმა პროკურატურა, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ტირილით დატოვა.
„2015 წლის 9 ივლისს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა ავღნიშნოთ, რომ ზემოთ ხსენებულ საქმეზე დაზარალებულმა ლიკა კიკიანმა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან მოვლენილ დამცველთან ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო მოქმედება პიროვნების ამოცნობის ჩატარებაში, რა დროსაც მას უნდა ამოეცნო ის სავარაუდო პირები, რომლებმაც, მისივე განცხადებით, მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხოფა. ამოცნობისას, პირველ სამ შემთხვევაში მან ვერ შეძლო აღნიშნული პირების ამოცნობა. მიუხედავად იმისა, რომ გრძელდებოდა ხსენებული საგამოძიებო მოქმედება და ჩასატარებელი იყო კიდევ 10 ამოცნობა, კიკიანი გაურკვეველი მიზეზის გამო აღელდა, დაიწყო ტირილი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა როგორც იქ მყოფ, ასევე ამოსაცნობ პირებს და დემონსტრაციულად დატოვა პროკურატურის შენობა. რაც შეეხება გამოძიებას – იგი გრძელდება ჩვეულ რეჟიმში, დანიშნულია ყველა შესაძლო და საჭირო ექსპერტიზა, გრძელდება სხვა საგამოძიებო მოქმედებებიც და მტკიცებულებათა სრულყოფილად შეკრების შემდგომ მიღებული იქნება კანონშესაბამისი გადაწყვეტილება, რაც აუცილებლად ეცნობება საზოგადოებას“, – აცხადებენ მთავარ პოროკურატურაში.
შეგახსენებთ, რომ „2015 წლის 9 ივლისს, კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, კაფე „ვიტამინის“ მენეჯერმა ლიკა კიკიანმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც იგი ვაკე-საბურთალოს რაიონის შს სამმართველოს თანამშრომლებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ამხელდა.