სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, პირველი სამმართველოს (ბათუმი) პირველი სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ლევან ფ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთა.
გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.