კახეთში ტაქსის მძღოლმა ორსული ქალის ტყეში წაყვანა სცადა – მამაკაცი დაკავებულია
თელავში 29 წლის ტაქსის მძღოლი მამაკაცი დააკავეს, რომელმაც 23 წლის გოგონას თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა. მან გზიდან გადახვევა და გოგონას ტყეში წაყვანა სცადა, – ამის შესახებ “კვირას” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ტაქსის მძღოლი გოგონას განცხადების საფუძველზე დააკავეს და გამოძიება მიმდინარეობს. “ტაქსის მძღოლმა დანიშნულების ადგილის ნაცვლად, გოგონას ქალაქგარეთ, შუამთის ტყეში წაყვანა სცადა. განცხადების საფუძველზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. როგორც ეს ქალბატონი ამბობს, ტაქსის მძღოლმა გზიდან გადახვევა სცადა. დანარჩენს გამოძიება დაადგენს“, – აცხადებენ შსს-ში. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით კი, გოგონას ახლობლები ტაქსის მძღოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ, შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში აღმოჩნდა.