„აგვისტოს ომის გამოძიების საქმეზე მასალები ჰააგის სასამართლოშია გადაგზავნილი“
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, აგვისტოს ომის გამოძიების საქმეზე მასალები რამდენიმე თვეა, გადაგზავნილია ჰააგის სასამართლოში. ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს მუხათგვერდის სასაფლაოზე განუცხადა, სადაც ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობა იმ საქმეს აგრძელებს, რასაც გმირები შეეწირნენ და მშვიდობიანი მეთოდებით ცდილობს, საქართველო გაამთლიანოს.
“აგვისტოს ომის გამოძიების საქმეზე მასალები რამდენიმე თვეა, გადაგზავნილია ჰააგის სასამართლოში. ჰააგის პროკურორმა უნდა დაადგინოს, საკმარისია თუ არა ის ნაბიჯები და საგამოძიებო მოქმედებები, რაც საქართველომ ჩაატარა და მიიღოს გადაწყვეტილება, არის თუ არა საჭიროება, რომ თავად გამოიძიოს ეს საქმე. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჰააგის სასამართლო ჩათვლის, რომ რაც საქართველოს ორმა მთავრობამ გააკეთა 2008 წლიდან მოყოლებული, არ არის საკმარისი. ამ შემთხვევაში ის თავად დაიწყებს გამოძიებას. ჩვენ ვართ მათი გადაწყვეტილების მოლოდინში. უკვე მეშვიდე წელია, ამ დღეს ვიხსენებთ. მინდა ყველა მშობელს მივუსამძიმრო ის დიდი ტკივილი, რაც მათ საკუთარი შვილების დაკარგვით მიიღეს, მაგრამ, ამავე დროს, საამაყოა, რომ მათ ოჯახში დაიბადნენ ის გმირები, რომლებიც წინ აღუდგნენ რუსეთის აგრესიას და ჩვენი ქვეყნისთვის სიმშვიდის, მშვიდობის და ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოლეს, ჩვენ მათ საქმეს ვაგრძელებთ და მშვიდობიანი მეთოდებით, გონიერებით, მოთმინებით, გამძლეობით ვცდილობთ საქართველოს გამთლიანებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.