რუსეთის მოქალაქეები ემბარგოში შეტანილი პროდუქტების განადგურების შემდეგ მათ ნარჩენებს აგროვებენ
რუსეთში, სმოლენსკის ოლქის მოსახლეობამ სანქციების შედეგად საზღვარზე განადგურებული პროდუქტების ნარჩენები შეაგროვა. შესაბამისი ფოტო ინტერნეტში გავრცელდა.
ადგილობრივი გამოცემა „რაბოჩი პუტის“ ინფორმაციით, პროდუქტები სოფელ ვისოკი ხოლმის სპეციალურ პოლიგონზე 6 აგვისტოს გაანადგურეს. გამოცემის ინფორმაციით, ამის შემდეგ მოსახლეობამ ტომრებით შეაგროვა ხილი და ბოსტნეული, რომელიც განადგურების შემდეგ გადარჩა. მათი თქმით, სანქციაში მოხვედრილი ატმისგან შეიძლება კარგი არყის გამოხდა.
საზღვარზე სანქციებში მოხვედრილი პროდუქტების განადგურების განკარგულებას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 29 ივლისს მოაწერა ხელი. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, აკრძალული საქონლის განადგურება „ნებისმიერი მეთოდით“ არის შესაძლებელი. ამასთანავე, ამ პროცესის ფოტო და ვიდეოგადაღება უნდა განხორციელდეს.