ზურაბ ჟვანიას საქმეზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი დაიკითხა
თბილისის საქალაქო სასამართლოში ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულების, კობა ხარშილაძისა და მიხეილ ძაძამიას წინააღმდეგ საქმეზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი თემურ ჯანაშია დაიკითხა.
მოწმის სახით დაკითხულმა თემურ ჯანაშიამ ნაფიცი მსაჯულების პირობებში სასამართლოს ჩვენება მისცა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.
ჯანაშიამ პროცესის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაცვითი ღონისძიების ჩატარება გულისხმობს დაცვითი ღონისძიებების სრულფასოვან ჩატარებას, მოცემულ შემთხვევაში კი სხვა რამესთან გვაქვს საქმე.
“მოცემულ შემთხვევაში ჩვენ არ გვაქვს საქმე დაცვითი ღონისძიებების ჩატარებასთან, იმიტომ, რომ ბატონმა ზურაბ ჟვანიამ დაცვის სრული შემადგენლობა იმ გადაადგილებამდე დაითხოვა. შესაბამისად, ძაძამია ვერ ჩაითვლება პირად, ვისაც უნდა უზრუნველეყო პრემიერ-მინისტრის უსაფრთხოება. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ერთადერთი ჩანაწერი არის ის, რომ დაცვამ პირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისგან უნდა დაიცვას. კანონში არაფერი წერია დასაცავი პირის დაცვის შესახებ შემთხვევებისგან. ბუნებრივია, შემთხვევებისგან ვერავინ დაიცავს დასაცავ პირს”, – აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.
მისივე თქმით, სასამართლოზე პროკურატურა დეკლარირებულად აცხადებს, რომ ზურაბ ჟვანია თავისი ფეხით, საღ გონებაზე მივიდა იმ სახლში, სადაც იგი გარდაცვლილი აღმოაჩინეს.