სააკაშვილის მოადგილემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა
ოდესის გუბერნატორის მოადგილემ მარია გაიდარმა რუსეთის მოაქალაქეობაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ გაიდარმა ოდესის ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში განაცხადა.
უცხოეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა არის უკრაინის მოქალაქეობის მიღების წინაპირობა. კანონის მიხედვით, მის მისაღებად ადამიანმა შესაბამისი განცხადება უნდა დაწეროს და პასპორტი ორი წლის განმავლობაში საკონსულოში ჩააბაროს.
4 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა მარია გაიდარსა და „ფორბსის“ უკრაინული გამოცემის ყოფილ რედაქტორს ვლადიმერ ფედორინს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და პირადად გადასცა პასპორტები. ამასთანავე, პეტრო პოროშენკომ მოუწოდა გაიდარს და ფედორინს, რუსეთთან კავშირი არ გაწყვიტონ და რუსეთის პროპაგანდის ალტერნატივა იყვნენ.
მარია გაიდარი მიხეილ სააკაშვილის მოადგილედ ივლისში დაინიშნა. ამ ფაქტმა რუსი ჩინოვნიკების ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, რომლებმაც იგი მოღალატეობაში დაადანაშაულეს. გაიდარმა ეს ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „მოღალატე ის არის, ვინც არ აღიარებს ომს უკრაინაში, აყალბებს არჩევნებს და მოკლა ბორის ნემცოვი“.