აშშ-ს სანაპირო დაცვამ წყალქვეშა ნავი დააკავა, რომელსაც 6 ტონა კოკაინი გადაჰქონდა
აშშ-ს სანაპირო დაცვამ ქვეყნის სანაპიროსთან, წყნარ ოკეანეში თვითნაკეთი წყალქვეშა ნავი აღმოაჩინა, რომელსაც 5 ტონა კოკაინი გადაჰქონდა. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია NBCNews-ი იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, წყალქვეშა ნავი, რომელსაც ნახევრად ჩაძირულ მდგომარეობაში დიდი მანძილის გავლა შეუძლია, მექსიკიდან აშშ-ს მიმართულებით გადაადგილდებოდა. სავარაუდოდ, ის ერთ-ერთ კოლუმბიელ ნარკომოვაჭრეს ეკუთვნოდა.
ნავზე აღმოჩენილი კოკაინის ფასი დაახლოებით 181 მილიონ დოლარს შეადგენს. ხომალდის ეკიპაჟი 4 წევრისგან შედგებოდა, ყველა დაკავებულია.
კოკაინის გადმოტვირთვის დროს თვითნაკეთი წყალქვეშა ნავი ამობრუნდა და ჩაიძირა, თუმცა მანამდე ამერიკელმა მესაზღვრეებმა კოკაინის გადმოტვირთვა მოასწრეს.
2006 წლიდან აშშ-ს სანაპიროსთან ეს წყალქვეშა ნავის მეშვეობით ნარკოტიკების გადატანის 26-ე მცდელობაა, რომელიც ამერიკელმა მესაზღვრეებმა აღკვეთეს. თუმცა ბოლო წყალქვეშა ნავი ყველაზე დიდია და მას კოკაინის ყველაზე დიდი პარტია გადაჰქონდა.