2008 წლის აგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა – ფოტოკოლაჟი
2008 წლის აგვისტოს ომიდან 7 წელი გავიდა. 7 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა და სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეგიონების ოცი პროცენტი დაიკავა. რუსეთ- საქართველოს ომის შედეგად ეთნიკური წმენდის ათასობით მსხვერპლს საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება არ ეძლევა.
ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 2008 წლის 7 აგვისტოს საქართველომ ქალაქ ცხინვალის ასაღებად სამხედრო ოპერაცია 11:30 საათზე დაიწყო.
მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.
რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ.
რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოიყვანეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ.
ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსმა სამხედროებმა სხვა რაიონებთან ერთად ფოთი და გორი დაიკავა.
12 აგვისტოს კონფლიქტურმა მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს.
12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა.
შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. რუსეთმა დაასრულა გასვლა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს, თუმცა 2009 წლის მდგომარეობით რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები რჩება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა).