“პარტიების აკრძალვის საკითხზე საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილება კანონმდებლობით ცხრა თვეში უნდა იყოს მიღებული” – პაპუაშვილი

„კანონმდებლობით არის დადგენილი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე მაქსიმუმ ცხრა თვეში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს.

კერძოდ, ის საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრობს, რომელიც მმართველმა გუნდმა წარადგინა.

“შესაბამისად, ივლისში უკვე უნდა იყოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება იმას, თუ როდის და რა პროცესი იქნება, ამას საკონსტიტუციო სასამართლო განსაზღვრავს თავად. ჩვენ დაველოდებით, როდის დაგვიძახებს საკონსტიტუციო სასამართლო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები