დღეს, თბილისის მერვე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა. მან სხდომის წარმართვისთვის ახლად არჩეული საკრებულოს უხუცესი წევრი შალვა ოგბაიძე მიიწვია. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.
შალვა ოგბაიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ცსკო-ს წარმომადგენლებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და საკრებულოს წევრებს პირველი სამუშაო დღე მიულოცა.
„ბატონო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარევ, დამსწრე საზოგადოებავ და სულ მალე ახლად დამტკიცებულო მერვე მოწვევის საკრებულოს წევრებო. მოგესალმებით, და ვიტყვი, რომ ჩემთვის, როგორც თვითმმართველობის სტაჟიანი 5-გზის წარმომადგენლისათვის უდიდესი პატივია უხუცესი წევრის სტატუსით წარვუძღვე დედაქალაქის მე-8 მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომას. უპირველეს ყოვლისა მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს უდიდესი ნდობისათვის, ნდობისათვის-ვემსახუროთ ჩვენს დედაქალაქს.
ვისურვებდი 4-წლიანი მუშაობის შემდეგ ერთად გვეამაყოს თბილისისათვის და თბილისელებისათვის გაკეთებული საქმეებით, მეტი გაკეთებული სიკეთისათვის. გილოცავთ პირველ სამუშაო დღეს!“- განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
მისასალმებელი სიტყვის შემდეგ, შალვა ოგბაიძემ დღის წესრიგი გააცნო საკრებულოს წევრებს და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა წარადგინა. საკრებულოს წევრებმა ზურაბ აბაშიძის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.