“გაუგონარი და აღმაშფოთებელია ის საფუძველი, რომლითაც უმალავს გერმანიის მთავრობა საკუთარ პარლამენტს, მაკონტროლებელ ორგანოს ინფორმაციას, რომ თითქოს, საქართველოში „ენჯეოების“ მიმართ არის რაღაც დევნა და მათ უფრთხილდებიან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა.
აღნიშნულით მან შეაფასა გერმანიის ფედერალური მთავრობის უარი, გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რა მიზნით და რა თანხით აფინანსებდა.
„ჩვენთან რომ ასეთი რამ მომხდარიყო, რომ ოპოზიციას დაესვა კითხვა მთავრობისთვის და მთავრობას გაეცა პასუხი, რომ აქვს ინფორმაცია და უმალავს, წარმომიდგენია, რა ამბავში იქნებოდა ოპოზიცია, უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ და ზოგიერთი უცხოელი ელჩი – რომ ეს არის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებების დარღვევა. ჩვენ ვნახეთ, რომ სადეპუტატო შეკითხვაზე უბრალოდ, ინფორმაცია დაუმალა გერმანიის მთავრობამ საკუთარი წარმომადგენლობითი ორგანოს ერთ-ერთ წევრს, იმ პარტიის წარმომადგენელს, რომელსაც დღეს გერმანიაში ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს.
ამიტომ აქვე დავფიქრდეთ, როცა საუბრობენ გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულებაზე,, ისინი მხოლოდ სხვებს გულისხმობენ, თორემ საკუთარ თავს, როგორც ჩანს, ამ ვალდებულებას არ აკისრებენ.
აბსოლუტურად გაუგონარი და აღმაშფოთებელია ის საფუძველი, რომლითაც უმალავს გერმანიის მთავრობა საკუთარ პარლამენტს, მაკონტროლებელ ორგანოს ინფორმაციას, რომ თითქოს, საქართველოში „ენჯეოების“ მიმართ არის რაღაც დევნა და მათ უფრთხილდებიან. ეს არის მხოლოდ საბაბი იმისთვის, რომ დამალონ რეალური ინფორმაცია და ეს რეალური ინფორმაცია ნაწილობრივ გამოჩნდა ბიუჯეტებში, რომელიც არის იქ მოცემული. საარჩევნო წელს – 2024 წელს რეკორდული რაოდენობით თანხა დაიხარჯა გერმანული ბიუჯეტიდან ქართულ „ენჯეოებზე”.
ქართულმა „ენჯეოებმა“ შარშან არჩევნებისას, ყველამ კარგად დავინახეთ. ეს იყო საარჩევნო კამპანიაში პირდაპირი ჩართულობა, საარჩევნო თაღლითობა ISFED-ისა და მსგავსი ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები მხრიდან და არჩევნების შემდეგ რევოლუციის და დამხობის მცდელობაში მონაწილეობა და საქართველოს პარლამენტზე შტურმი”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.