ჩრდილოეთ კორეა საკუთარ, ფხენიანის დროზე გადავა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის 30 წუთით საათს უკან გადაწევს იმისთვის, რომ „იაპონურ მილიტარიზმს დაუპირისპირდეს“. ამ ინფორმაციის მიხედვით, საკუთარ დროზე გადასვლა 15 აგვისტოს, იაპონიის ოკუპაციისგან გათავისუფლების 70-ე წლისთავის აღსანიშნავად მოხდება. ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა, ასევე იაპონია დროის ერთ სარტყელში მდებარეობენ.
ჩრდიელოთ კორეა პირველი ქვეყანა არ არის, რომელმაც დროის სარტყელი უნდა შეცვალოს. 2011 წელს ეს გადაწყვეტილება სამოამ მიიღო, რათა ავსტრალიასთან და ახალ ზელანდიასთან კავშირი გაემარტივებინა. 2007 წელს კი საათის ისრები ნახევარი საათით უკან ვენესუელამ გადასწია, რათა მაშინდელი პრეზიდენტის უგო ჩავესის თქმით, „ქვეყანაში მზის სინათლე უფრო თანაბრად განაწილდეს“.
სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ უკვე განაცხადა, რომ ფხენიანის გადაწყვეტილებამ შეიძლება კესონის სამრეწველო ზონაში სირთულეები შექმნას. ამ რეგიონს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეა ერთობლივად მართავენ.
„გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ორ ქვეყანას შორის სტანდარტების გაერთიანების შემთხვევაში ასევე შეიძლება შეგვექმნას სირთულეები“, – აცხადებენ სამხრეთ კორეის მთავრობაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები