ტრანსგენდერ საბის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ გაამართლა
ტრანსგენდერ საბი, იგივე ბექა ბერიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.
ბრალდებულს, მკვლელობის გარდა, კიდევ რამდენიმე მუხლი ჰქონდა წაყენებული. კერძოდ, სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის გაჩენისა და ტრანსგენდერ ბიანკა შაგუროვას ცემის ფაქტზე. მას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 11 ნოემბერს პეკინის ქუჩაზე 25 წლის ბექა ბერიანის ცხედარი აღმოაჩინეს. სამართალდამცავებმა მეორე დღესვე, 1988 წელს დაბადებული, თბილისში მცხოვრები ლევან კოჭლაშვილი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ 11 ნოემბერს, ღამით, პეკინის ქუჩაზე, დროებით საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკებისას, ლევან კოჭლაშვილმა დანით სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიაყენა ნაცნობს, 1991 წელს დაბადებულ ბექა ბერიანს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიებით დგინდება, რომ ურთიერთშელაპარაკება თანხის გამო მოხდა, რომელიც ბრალდებულმა ბექა ბერიანს რამდენიმე თვის წინ ასესხა და ამ თანხის დაბრუნებას სთხოვდა. ლევან კოჭლაშვილმა, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, ბექა ბერიანის დროებით საცხოვრებელ ბინაში ხანძარი გააჩინა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ლევან კოჭლაშვილი მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. მკვლელობის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ–ის 108 მუხლით) მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდა.