ვაზაგაშვილების ადვოკატი: გამოძიება მიმდინარეობს სხვა იმ პირთა წრის დასადგენად, ვინც, სოსანაშვილის გარდა, ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილეობდა

მოკლული იური ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატებმა გაგი მოსიაშვილმა და მერაბ ჩიქოვანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ვაზაგაშვილის საქმის გამოძიების შესახებ ისაუბრეს. როგორც ადვოკატმა მერაბ ჩიქოვანმა განმარტა, სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შედეგად გარკვეული საინტერესო გარემოებებია გამოკვეთილი და, შესაბამისად, გამოძიება, უკვე საქმეში არსებული ეჭვმიტანილის გარდა, სხვა იმ პირთა წრის დასადგენად მიმდინარეობს, ვინც ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილეობდა.
„სოსანაშვილის მონაწილეობა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში უტყუარად არის დადასტურებული. შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს სხვა იმ პირთა წრის დასადგენად, ვინც ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილეობდა. სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად გარკვეული საინტერესო გარემოებებია გამოკვეთილი. მიმდინარეობს მუშაობა და იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოებას, სოსანაშვილის გარდა, სხვა იმ პირთა ვინაობაც ეცოდინება, რომლებიც ამ საზარელი მკვლელობის დაგეგმვასა და შესრულებაში მონაწილეობდნენ. გამოძიება მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედ თანამშრომელზე, შესაბამისად, ნათელია, რომ მკვლელობა დაგეგმილი და შესრულებულია პროფესიონალების მიერ“, – განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა.
რაც შეეხება საქმეში ასაფეთქებლის ფალიაზე აღმოჩენილი სოსანაშვილის დნმ-ს, ჩიქოვანის განცხადებით, სოსანაშვილის წინააღმდეგ ეს ერთ-ერთი და არა ერთადერთი მტკიცებულებაა. მისი თქმით, არსებობს სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც მეტყველებს იმაზე, რომ დანაშაული სწორედ გია სოსანაშვილმა ჩაიდინა.
ადვოკატებმა სასამართლო პროცესების მიმდინარეობის შესახებაც ისაუბრეს. როგორც ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განმარტა, დაინტერესებული პირები სასამართლოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდიან.
„ როგორც ზურაბ ვაზაგაშვილის, ისე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეები დღეს სასამართლოში მიმდინარეობს. სამწუხაროდ, დაინტერესებული პირები ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. ფირცხალავას და სხვათა მიმართ, იგივე სოსანაშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით, დაინტერესბული პირები სასამართლოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ბრალდების მოწმეები ობიექტურ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოში და ამხელენ ადამიანებს დანაშაულში, მაგრამ დაინტერესებული პირები კონტექსტიდან გლეჯენ ჩვენების რაღაც ნაწილს, სხვა ინტერპრეტაციით მიაქვთ საზოგადოებამდე და ცდილობენ, მათი ჩვენება განხილული იყოს, როგორც დაინტერესებული პირების მიერ მიცემული ჩვენება. საზოგადოება ამას ობიექტურად შეაფასებს“,- განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები