კუდის ყოფილ მაღალჩინოსნებს ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ფაქტებზე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები: ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი დააკავა. ასევე, გამოტანილია დადგენილება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის დავით ახალაიას ბრალდებულად ცნობის შესახებ. დაკავებულ ყოფილ სამართალდამცავებს ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღვკეთა ემუქრებათ,- ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.
„2006 წლის 12 იანვარს, „ნავთლუღის“ ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ ხმაურიან სპეცოპერაციას, რომლის დროსაც განსაკუთრებული სისასტიკით იქნა მოკლული სამი ახალგაზრდა, მარად ართმელაძე, რომან სურმანიძე და მურად გორგაძე.
ხსენებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2013 წლის ოქტომბრიდან, აქტიურად განახლდა საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა შედეგად დადგინდა, რომ 2006 წლის იანვრის დასაწყისში, იმ დროისათვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ახლადდანიშნულმა ბაჩანა ახალაიამ და მისმა ძმამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ახალაიამ, პატიმართა შორის და საზოგადოებაში შიშისა და ე.წ. ნულოვანი ტოლერანტობის სინდრომის დანერგვისათვის, გადაწყვიტეს საზოგადოებისათვის ეჩვენებინათ განსაკუთრებული სისასტიკე. აღნიშნულის მისაღწევად დავით ახალაიამ, თითქოსდა, პატიმართა შესაძლო გაქცევის შესახებ ინფორმაციის გამოყენებით სისხლიანი სპეცოპერაცია დაგეგმა.
2006 წლის 12 იანვარს, დავით ახალაია თავის თანამშრომლებთან ლევან ქარდავასთან, გიორგი მაზმიშვილთან, სპეცდანიშნულების რაზმის უფროსთან შალვა თათუხაშვილთან და ასევე ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა თანამშრომლებთან ერთად ავტოსადგურ „ნავთლუღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც მათი ინფორმაციით, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ერთ-ერთი პატიმრის გია გორგაძის ძმა, წინასწარ შერჩეული და მოსაკლავად განწირული – 17 წლის მურად გორგაძე და მისი მეგობრები – 21 წლის რომან სურმანიძე და 23 წლის მარად ართმელაძე უნდა მისულიყვნენ. ხსენებულ ტერიტორიაზე უიარაღო მ. გორგაძის და მისი მეგობრების მისვლისთანავე, მათკენ გაემართნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა და კუდის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც დავით ახალაიას ორგანიზებით უდანაშაულო ახალგაზრდები ალყაში მოაქციეს და მათი გადარჩენის რაიმე თეორიული შესაძლებლობა თავიდანვე მოსპეს. შეიარაღებული პირების დანახვისთანავე შეშინებულმა გორგაძემ და მისმა მეგობრებმა კუდის თანამშრომლებს ხვეწნა დაუწყეს არ ესროლათ მათთვის, შეეცადნენ გაქცევას და საშველად უხმობდნენ გარშემომყოფთ, თუმცა საპასუხოდ ახალაიამ თანამზრახველებთან ერთად ყოველგვარი გაფრთხილებისა და შეყოვნების გარეშე დაიწყო მათ მოსაკლავად მიზანმიმართული სროლა. სროლების შედეგად მიყენებული ჭრილობების გამო, სამივე მათგანი მიწაზე დაეცა. ჩაცხრილულ ახალგაზრდებს დავით ახალაია მიუახლოვდა. ძირს დაცემულ შოთა გორგაძეს ავტომატის ლულა თავზე მიაბჯინა და საკონტროლო გასროლა მოახდინა. ახალაიას მიბაძეს გიორგი მაზმიშვილმა და მათთან ერთად მყოფმა თანამშრომლებმა, რომლებმაც თავის არეში საკონტროლო გასროლები განახორციელეს ართმელაძისა და სურმანიძის მიმართულებით. სროლის შედეგად მ.გორგაძე მიღებული 12 ცეცხლნასროლი, ართმელაძე 5 და სურმანიძე 6 ჭრილობის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალნენ.
მათვე გორგაძის, სურმანიძის და ართმელაძის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ინსცენირების მიზნით, მოახდინეს მტკიცებულებების ფალსიფიკაცია და გვამებთან დაალაგეს წინასწარ მომზადებული, სპორტული ხელჩანთით შემთხვევის ადგილზე მიტანილი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები. ამის შემდეგ საზოგადოებისთვის საჩვენებლად შსს-ს მაშინდელმა პრესსამსახურმა გურგენ (გურამ) დონაძის ხელმძღვანელობით ვიდეოფირზე გადაიღო სპეცოპერაციის მიმდინარეობის დადგმული სცენა, რასაც თან ახლდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ჰაერში სროლა და შემთხვევის ადგილის გადაღება. მალევე, ბაჩანა ახალაიასთვის ცნობილი გახდა თავისი ძმის მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ და მათ მიერ მოფიქრებული პატიმრების მასობრივი გაქცევის ვერსიის გასამყარებლად, უმალვე მეგის ქარდავასთან და სად-ის სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად გაემართა რუსთავის №1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც სასურველი ჩვენებების, კერძოდ გაქცევის აღიარების მიღების მიზნით, სასტიკად აწამა ახლადგარდაცვლილი შოთა გორგაძის ძმა გია გორგაძე და მასთან მყოფი სხვა პატიმრები. მოგვიანებით, ზემოთ მითითებული სპეცოპერაციის ჩატარების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა, თითქოსდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N1 დაწესებულებაში მყოფი გია გორგაძის ძმა – მურად გორგაძე, მეგობრებთან მარად ართმელაძესთან და რომან სურმანიძესთან ერთად, პატიმართა მასიური გაქცევის ორგანიზების მიზნით, გეგმავდნენ N1 დაწესებულებაზე შეიარაღებულ თავდასხმას, თუმცა აღნიშნული საკითხი, არც სპეცოპერაციის დაწყებამდე და არც მისი ჩატარების შემდგომ, არცერთ სამართალდამცავ ორგანოში არ გამოძიებულა, მაშინ როდესაც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ სისხლიან სპეცოპერაციას 3 უდანაშაულო ახალგაზრდა ემსხვერპლა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 369-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ათიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღვკეთას“,- აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.