ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდების მხარის მოწმეებს ჰკითხავენ
თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ყოფილი – პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას საქმის განხილვა მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესზე სამ მოწმეს ჰკითხავენ, მათ შორის – მიხეილ სააკაშილის დაცვის წევრს, რომელიც მომხდარის ღამეს ცვლის უფროსი იყო.
ჯერჯერობით ალექსანდრე მახარაძის დაკითხვა არ დაწყებულა, თუმცა სასამართლოზე უკვე დაჰკითხეს ერთ-ერთი ექსპერტი, რომელმაც ისაუბრა იმ ვიდეოს ავთენტურობასთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ ექსპერტიზის პერიოდში არის გადაღებული.
ამასთან, სასამართლო პროცესზე ზურაბ ჟვანიას პირადი დაცვის უფროსი კახა გოჩაშვილი იკითხება, რომელიც 8 წლის განმავლობაში ყოფილი პრემიერის დაცვის უფროსი იყო.
როგორც მან სასმართლო პროცესზე განაცხადა, ზურაბ ჟვანია კონსპირაციულ ბინაში ხშირად მიდიოდა და ყოფილი პრემიერის მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ მის დაცვას ამის შესახებ ინფორმაცია „ცენტრი ერთისთვის“ არ მიეწოდებინა, თუმცა, როგორც გოჩაშვილმა აღნიშნა, ის ამხელა პასუხისმგებლობას თავის თავზე ვერ აიღებდა და ამიტომ ყოველთვის ახერხებდა ინფორმაციის მიწოდებას „ცენტრი ერთისთვის“. ხოლო ის ყოფილ პრემიერ-მინისტრს კონსპირაციული ბინის გარე პერიმეტრზე ელოდებოდა.
რაც შეეხება ალექსანდრე მახარაძის დაკითხვას, ის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბოლო მოწმე იქნება. ბრალდებულ კობა ხარშილაძის ინფორმაციით, სწორედ ის იყო მორიგე, როდესაც ზურაბ ჟვანია გარდაცვლილი იპოვეს და ყოფილი პრემიერის გარდაცვალების შესახებ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სწორედ მისი დახმარებით შეატყობინეს.