საგანგაშო სტატისტიკა: მზის დაკვრის 41 და დამწვრობის 80 შემთხვევა ერთ კვირაში – რას გვირჩევენ მედიკოსები

თბილისში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მზის დამწვრობის 80 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „კვირას“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა. რუჯის მოყვარულებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც გარუჯვის სხვადასხვა მეთოდს მიმართა. ლეღვის ნახარშით მიღებული დამწვრობა წელსაც აქტუალურ პრობლემად რჩება, რაც, როგორც წესი, სხეულის მე-3 ხარისხის დამწვრობისა და რუჯთან დიდი ხნით დამშვიდობების მიზეზი ხდება. წელს მარტო ასეთი 6 შემთხვევა დაფიქსირდა. დაზარალებულთაგან ერთ-ერთი 62 წლის ქალბატონი იყო. ამ უკანასკნელისთვის შემდგომში რომ არავის მიებაძა, დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ იუმორნარევი განცხადებაც კი გააკეთა: „ჯობია, ლეღვი ხილად მიირთვან, ვიდრე გარუჯვის მიზნით სხეულზე წაისვან“.
არანაკლებად საგულისხმოა თბილისის მასშტაბით დაფიქსირებული მზის დაკვრის სტატისტიკაც. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მზის დაკვრის 41 შემთხვევა დაფიქსირდა.
1 ივლისიდან 2 აგვისტომდე კი, მაღალი სიცხის შედეგად გამოწვეული ჩივილებით 91 გამოძახება შევიდა.
ამის მიზეზი დედაქალაქში ზაფხულის შუა რიცხვებიდან საგრძნობლად მომატებული ტემპერატურა გახდა.11830150_936589523051594_1662238369_n
ბოლო დროს თბილისში ტემპერატურა 37-38 გრადუსს აღწევდა, თუმცა როგორც, სინიპტიკოსები აცხადებენ, ტემპერატურას პიკამდე არ მიუღწევია და ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია.
„საქართველოს მასშტაბით ტემპერატურას 40 გრადუსზე არ გადაუჭარბებია. თბილისში კი, ჯერჯერობით ვინარჩუნებთ 39 გრადუსს. კვირის ბოლოს ტემპერატურა მეტნაკლებად დაიკლებს და 35 გრადუსამდე ჩამოვა“, – განუცხადა „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ და დასძინა, რომ წლევანდელი სიცხეები შარშანდელს უტოლდება.
ასეთ შემთხვევაში მედიკოსები მოსახლეობას მზეში სიარულისგან თავის შეკავებას ურჩევენ და ამბობენ, რომ მზეს განსაკუთრებით მაღალწნევიანები და ბავშვები უნდა მოერიდონ.
როგორც „კვირას“ ექიმმა მანუჩან ღავთაძემ განუმარტა, მზის დაკვრა ზოგადად სხვადასხვა სირთულის არის. გააჩნია როგორი ხარისხის იქნება ის. თუ მზის დაკვრის მსუბუქი ხარისხია, ადამიანს უბრალოდ ჩრდილში გადაყვანა და სითხის მიღებაც ჰყოფნის. მისივე თქმით, თუ სერიოზული დარტყმაა, რასაც პირღებინებასთან, გულისრევასთან, თავბრუსხვევასთან ერთად გონების კარგვაც ახლავს, პაციენტი შესაძლოა, სარეანიმაციოც გახდეს.
„მაღალწნევიანებისთვის და ზოგადად დასუსტებული ორგანიზმისთვის არ არის რეკომენდირებული მზეზე გასვლა“, – აღნიშნა ღავთაძემ.
მისივე თქმით, მზის დაკვრას დაავადებების გამოწვევასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ექიმის განმარტებით, მძიმე დაავადებების მაპროვოცირებელი, ხშირ შემთხვევაში, გადამეტებული რუჯის მიღების დროს მთელი დღის განმავლობაში მზეზე წოლა ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები