მეუღლის წამებაში ბრალდებულს სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
მეუღლის წამების ფაქტზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული გოჩა მიქავა დამნაშავედ ცნო და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გოჩა მიქავა, ძლიერი ფიზიკური ტკივილის მიყენებით, მორალური და ფსიქიკური ზემოქმედების გზით საკუთარი მეუღლისგან ხ.შ.-გან ღალატის შესახებ ინფორმაციის მიღებას ცდილობდა.
„2015 წლის 17 მაისს, გოჩა მიქავამ მოტყუებით შეიყვანა ხ.შ. ოთახში, ჩაუკეტა კარები და აგრესიული ტონით, იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოითხოვდა მისგან ეღიარებინა საყვარელი მამაკაცების ვინაობა.
მისთვის სასურველი ინფორმაციისა და აღიარების მიღების მიზნით, მიქავა მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და დანის ჩხვლეტითა და დანის დასმით მიაყენა მრავლობითი ჭრილობები – ყურის, ყვრიმალების, ტუჩის და ცხვირის, ნიკაპის, მხარის, მაჯის, თითების საფრჩხილე ფალანგის, ბარძაყის, მუხლის, წვივის მიდამოებში.
ასევე, გოჩა მიქავამ ხ.შ.-ს ხელისა და ფეხის გამოყენებით სხეულის დაზიანება მიაყენა გულმკერდის, მაჯის, მხარის არეში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ფსიქიკური და მორალური ტანჯვა. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის წამების ფაქტზე ბრალდებული გოჩა მიქავა დამნაშავედ ცნო.
მოსამართლემ გოჩა მიქავას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
მათივე ცნობით, გოჩა მიქავა ამჟამად მიმალვაშია და მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. სისხლის სამართლის კოდექსის 111 1441 მუხლის პირველი ნაწილით. მასზე გამოცხადებულია ძებნა.