გიორგი ოქროპირიძის წინააღმდეგ საქმის განხილვას სასამართლო 10 აგვისტოს განაახლებს
ცრუ ჩვენებისა და ცრუ დასმენის ბრალდებაზე გიორგი ოქროპირიძის წინააღმდეგ საქმის განხილვას საქალაქო სასამართლო 10 აგვისტოს, 10:00 საათზე განაახლებს.
დღევანდელ სხდომაზე კი მოსამართლემ სრულად დაუშვა ის მტკიცებულებები საქმეზე, რომელიც დაცვისა და ბრალდების მხარეებს აქვთ წარდგენილი. ამასთან, ბრალდებულმა დააყენა შუამდგომლობა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოითხოვოს ვიდეომასალა, რომელიც მის საკანში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. თუმცა აღნიშნული შუამდგომლობა დღეს სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
როგორც პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა დავით ჩხენკელმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსამართლემ უსაფუძვლოდ მიიჩნია ბრალდებულის შუამდგომლობა, შესაბამისად, ეს მტკიცებულება საქმეზე არ დაუშვა. პროკურორმა უპასუხა დაცვის მხარის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოქროპირიძის მიმართ ცრუ დასმენისა და ცრუ ჩვენების ბრალის წარდგინება მოხდა მისი საპატიმრო ვადის გაგრძელების მიზნით. პროკურორის თქმით, ეს არის სრულიად უსაფუძვლო და აღნიშნული სისხლის სამართლის საქმეს კავშირი არ გააჩნია ოქროპირიძის წინააღმდეგ აღძრულ სხვა საქმესთან, რომელიც ლაშა მახარაძის მკვლელობას უკავშირდება.
ოქროპირიძის ადვოკატის დათუნა მოდებაძის განცხადებით კი, ახალი ბრალდება ოქროპირიძეს სწორედ საპატიმრო ვადის გაგრძელების მიზნით წარუდგინეს.
ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი ოქროპირიძემ მახარაძის მკვლელობის საქმეზე მისი დაკავების შემდეგ განხორციელებული წამების ირგვლივ ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდა. სახალხო დამცველმა კი საქმე გადაუგზავნა გამოსაძიებლად პროკურატურას, თუმცა ეს საქმე, როგორც დათუნა მოდებაძე ამბობს, თაროზე იყო შემოდებული და მხოლოდ მაშინ გაახსენდა პროკურატურას, როდესაც ოქროპირიძეს პატიმრობის ვადა ეწურებოდა.