ზვიად სიჭინავა კახა კალაძეს პასუხობს: არც ციხის მეშინია, არც მაღალი თანამდებობის

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ფედერაციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის ბრალდებას პასუხობს და აცხადებს, რომ არც ციხის ეშინია და არც მაღალი თანამდებობის. ამასთან, ზვიად სიჭინავა მინისტრის საპასუხოდ მის განათლებას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ აქვს სამი უდიდესი სკოლა გავლილი – ზუგდიდის მეოთხე საშუალო სკოლა, ავღანეთი და 90-იანები მოსკოვში, ამიტომ, მისი შეშინება გაუჭირდებათ.
“მაქვს სამი უდიდესი სკოლა გავლილი-ზუგდიდის მეოთხე საშუალო სკოლა, ავღანეთი და 90-იანები მოსკოვში, ამიტომ, ჩემი შეშინება ცოტა გაუჭირდებათ. არც ციხის მეშინია, არც მაღალი თანამდებობის. ჯერ არავის დავუბარებივარ. ალბათ, ელოდებიან 11 აგვისტოს და შეიძლება მერე დამიბარონ“, – განაცხადა სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში სახელმწიფოს ჩარევას საჭიროდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ თუ სახელმწიფო არ ჩაერევა ეს იქნება დანაშაული და პრობლემა. ამის შესახებ კალაძემ გაზეთ „პრაიმ-ტაიმთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სახელმწიფო, ყოველწლიურად, დაახლოებით, 40 მილიონზე მეტს ხარჯავს ფეხბურთის განვითარებისთვის, თუმცა ქართულ ფეხბურთს არაფერი ეტყობა. კალაძის შეფასებით, ის ჭაობი, რაც არის ფედერაციაში, უნდა დავასრულოთ ერთიანი ძალისხმევით.
„სახელმწიფო, ყოველწლიურად, დაახლოებით, 40 მილიონზე მეტს ხარჯავს ქართულ ფეხბურთში. დღეს, ეტყობა ქართულ ფეხბურთს რაიმე, რომ 40 მილიონი ლარი იხარჯება? ის, რაც ხდება ფეხბურთის ფედერაციაში, ის ჭაობი, რაც არის, უნდა დავასრულოთ ერთიანი ძალისხმევით.
უნდა იყოს ჩართული არამარტო ხელისუფლება, მთლიანად, საფეხბურთო სამყარო, გულშემატკივარი, რადგან ის მძიმე მდგომარეობა, წლებია მოგვდევს და ყოველ წელს იქმნება შთაბეჭდილება, რომ მომავალი წელი იქნება კარგი, გვექნება სიახლე, განვვითარდებით, პირიქით, ჭაობში მივდივართ. ეს არის ძალიან მძიმე და უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები